მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს – მარიამობას აღნიშნავს. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული თორმეტ უდიდეს მართლმადიდებლურ დღესასწაულთა სიაში შედის.
ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა.
მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ.
ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. უფალმა ასევე ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული თავად უფლის ხელით ავიდა ცათა საუსუფეველში.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.
სადღესასწაულო ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლენს.