თამაზ მეჭიაური: შვებულებაში ვარ და შედარებით ნაკლებად ვიცი, რა ხდება ლართან დაკავშირებით

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს ლარის კურსის ვარდნის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, – ამის მიზეზად დეპუტატი შვებულებაში ყოფნას ასახელებს. როგორც თამაზ მეჭიაური გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსის გაუფასურება ხდება, იგი მოსახლეობაში პანიკის საფუძველს ვერ ხედავს.

– შვებულებაში ვარ და შედარებით ნაკლებად ვიცი, რა ხდება ლართან დაკავშირებით. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის. დღეს არსებული ვერცერთი პარამეტრით პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ. პანიკის ბრალი მგონია, რომელსაც მიზანმიმართული სახე აქვს და ეს ვიღაცის დახმარების გარეშე ვერ მოხდებოდა. თუ ვისი ინტერესია ეს, ამის თქმისაგან ახლა თავს შევიკავებ, უბრალოდ, ვიტყვი, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები და ეს აუცილებლად დადებით გავლენას მოხადენს ლარზე“ – აცხადებს თამაზ მეჭიაური. პარლამენტის წევრს მიაჩნია, რომ მოსახლეობაში პანიკის შექმნა პრეზიდენტის ვეტომ გამოიწვია.

თამაზ მეჭიაური პრეზიდენტის იმ ვეტოს გულისხმობს, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა თამაზ მეჭიაურის ინიციტიავით შექმნილ კანონპროექტს დაადო.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში თამაზ მეჭიაურის ინიციატივით შეიქმნა, ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფას გულისხმობს.

„ვეტომ ხელი შეუწყო პანიკის დათესვას, რამაც ლარის კურსის ცვლილება გამოიწვია თორემ ახალი სააგენტოს დაკომპლექტების შემდეგ ლართან დაკავშირებით პანიკის ნაკლები საფუძველი იქნებოდა. ალბათ სჯობდა ვეტო დაგვეძლია, თუმცა ერთი სესიით ეს საკითხი არ წყდებოდა. პირველი სესიით ვეტო დაიძლეოდა, მერე ორი სხდომა კიდევ დასჭირდებოდა, რომ კანონპროექტი მიგვეღო. ბუნებრივია, უკეთესი იქნებოდა ვეტოს დასაძლევად სესიის მოწვევა, მაგრამ არც იმდენად ეფექტიანი იქნებოდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან მაინც დროში გაიწლებოდა.

ყველას პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, ვინც სიტუაციის გამოსაწორებლად არასკამრისად ირჯება“, – აცხადებს თამაზ მეჭიაური გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები