ნურსულთან ნაზარბაევი იმ ადამიანებს, ვინც 1 წლის განმავლობაში ბანკიდან ანაბარს არ გაიტანს, კომპენსაციას პირდება (ვიდეო)

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი იმ ადამიანებს, ვინც თავის ანაბარს სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხავს და მას 1 წლის განმავლობაში არ გაიტანს, კომპენსაციას ჰპირდება. ნაზარბაევის დავალებით კომპენსაცია ამ პირებს ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა უნდა ჩაურიცხოს და მასში ტენგეს და დოლარის გაცვლითი კურსი იქნება გამოყენებული, რომელიც 18 აგვისტომდე არსებობდა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში 17 აგვისტოდან ე.წ. მცურავი კურსი ამოქმედდა, რომელმაც ეროვნული ვალუტის – ტენგეს მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია. ხშირ შემთხვევაში თავისუფალი კურსის ამოქმედების პირველ დღეებში სავალუტო ჯიხურებში და კომერციულ ბანკებში ევროს და დოლარის შეძენა საერთოდ შეუძლებელი იყო. ნაზარბაევის ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა ხუმრობა სოციალურ ქსელებში.

„აი რას ნიშნავს განსხვავება პუტინის დემოკრატიას და აზიურ დესპოტიზმს შორის. ნაზარბაევმა, რომელმაც ეროვნული ვალუტა გააუფასურა, მოსახლეობის ყველა ანაბარი დოლარებში გადაიყვანა, რომ ვინმე ბებომ არ ინერვიულოს, რომ ამის შედეგად ფულს დაკარგავს. ეს ხომ მტრის ბებია არ არის, ეს ჩვენი ყაზახი ბებიაა, რომელმაც ნაზარბაევს მომავალ არჩევნებში ხმა უნდა მისცეს. ეს ხომ მტრული მოსახლეობა არ არის, ეს ჩვენი დები და ძმები არიან – ყაზახეთის მოსახლეობა“, – წერენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.

გაითვალისწინებს თუ არა ყაზახეთის მოსახლეობა ნაზარბაევის ამ ინიციატივას, რომლის შემდეგაც ისინი ანაბრებს ბანკიდან ერთი წლის განმავლობაში ვერ გაიტანენ, ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები