დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების დალაგებას გეგმავს
ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან „ძალიან ნორმალურ ურთიერთობებს“ ააწყობს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკელი მილიარდერი ამბობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესების გამო რუსეთი იძულებული იყო ჩინეთს დაახლოვებულიყო, ხოლო ამ ორი სახელმწიფოსთვის გაერთიანების უფლების მიცემა არ შეიძლება.
მანამდე კი, ერთ-ერთ ინტერვიუში ტრამპი ამბობდა, რომ ბარაკ ობამას არავისთან არ აქვს კარგი ურთიერთობები და აშშ-ს ირგვლივ მხოლოდ მტრული სახელმწიფოებია.
აშშ-ში ჩატარებული ბოლო გამოკითხვების მიხედვით, დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის ლიდერობს, თუმცა ცოტა ხნის წინ მან არ გამორიცხა, რომ არჩევნებში, შესაძლოა, დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში მიიღოს მონაწილეობა. ტრამპი საპრეზიდენტო არჩვენებში მონაწილეობას ადრეც აპირებდა, თუმცა შემდეგ კანდიდატურას ხსნიდა. ის არაერთი სკანდალური განცხადებით არის ცნობილი, ძირითადად მიგრაციული პოლიტიკის შესახებ. მისი ცნობილი ფრაზაა, რომ „აშშ არის მექსიკის დამნაშავეებისთვის სანაგვე“, ხოლო მიგრანტებს ტრამპი „ინფექციურ დაავადებას“ ადარებს.