ელმარ ბროკი: არასოდეს ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად

თუ რუსეთი უფრო ღრმად შემოიჭრება მცოცავი ოკუპაციით, ხელში ჩაიგდებს ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს, როგორიცაა გაზსადენი, – ამის შესახებ ვეტერანი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ელმარ ბროკი “კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
ბროკი ამით ჟურნალისტის მიერ დასმულ შემდეგ კითხვას პასუხობს: “2008 წლის ომის მეშვიდე წლისთავზე დასავლეთის ფოკუსი უკრაინაზეა გადატანილი, საქართველო კი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პოლიტიკას ატარებს. ნატოს და ევროკავშირის წარუმატებელი მცდელობის გათვალისწინებით, კრემლი სტრატეგიულ პარტნიორად ექციათ, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია?“
“მოგიწევთ, სცადოთ, რადგან მეორე ვარიანტი მეტ საფრთხეს შეიცავს… თუ რუსეთი უფრო ღრმად შემოიჭრება მცოცავი ოკუპაციით, ხელში ჩაიგდებს ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, როგორიცაა გაზსადენი, მაშინ… ეს საგანგაშოა და ძალიან, ძალიან მაშფოთებს. რუსეთის ქმედება მიუღებელია და საქართველოს მთავრობამ საკუთარი უფლებები უნდა დაიცვას.
ჟენევის მოლაპარაკებებმა გადამწყვეტი ტონი უნდა შეიძინოს, რუსეთმა კი ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. ცალსახად უნდა დაფიქსირდეს, რომ შეწყდეს მცოცავი ოკუპაცია! ცალსახად უნდა დავაფიქსიროთ, რომ არსებობს საერთაშორისო სამართალი და მას ყველა უნდა დაემორჩილოს. ასე რომ, არასოდეს ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად.
რუსეთს უნდა შევაგნებინოთ, რომ საქართველოსა და მსგავსი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა მათ წინააღმდეგ მიმართული საფრთხე კი არა, ამ ქვეყნების სუვერენული არჩევანია და მათ აქვთ უფლება, შიდა საქმეები თავადვე გადაწყვიტონ, ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა, საკითხი ასე უნდა იდგეს: სურთ რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევა და ცხოვრების ისეთი სტანდარტი, როგორიც რუსეთშია, სადაც 80-იანი წლების შემდეგ არაფერი შეცვლილა, თუ სურს ევროპასთან პარტნიორობა და წარმატებული, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური და სოციალური სისტემა?
ჩვენ დავეხმარებით იმ ქვეყნებს, რომლებიც არჩევანს ევროპაზე შეაჩერებენ“, – აცხადებს ელმარ ბროკი.
რაც შეეხება საკითხს, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო სანქციების სრულ პაკეტს და რას მიიღებდადაკარგავდა იგი ამით? – ბროკი აცხადებს, რომ ამ პირობებში, საქართველომ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც ქვეყნისთვის სასიკეთოდ ჩათვლის.
“სანამ განვიხილავდეთ, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო სანქციებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ რუსეთს აქვს დღეს სანქციები დაწესებული საქართველოსთვის, როგორც სავაჭრო, ასევე სხვა საკითხებში. ვფიქრობ, ამ პირობებში, საქართველომ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც ქვეყნისთვის სასიკეთოდ ჩათვლის. სანქციებში მონაწილეობა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არის სავალდებულო, მაგრამ, იმავდროულად, საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ სანქციების მიზანი საზიაროა“, – აღნიშნავს ბროკი.
მისი თქმით, რუსეთისთვის არავის მიუცია უფლება, ჩაერიოს სხვა ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებში.
“ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მინსკის შეთანხმებაზე, მათ შორის, საქართველოსთვისაც. ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაზე უნდა იმუშაოს, იმავდროულად, რუსეთს საერთაშორისო შეთანხმებებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება აიძულოს. რუსეთისთვის არავის მიუცია უფლება, ჩაერიოს სხვა ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებში. ამჟამად, მთავარია, საქართველოს ევროპული პერსპექტივა გავაძლიეროთ“, – აღნიშნავს ბროკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები