იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ახალი დეტალები – რა კავშირშია საქმესთან დავით საყვარელიძე

გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში სანდო წყაროებზე დაყრდნობით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ახალ დეტალებზე წერს.
უკვე ცნობილია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებულს აშშ-სა და საფრანგეთში ეძებენ. პროკურატურამ ორივე ქვეყანას უკვე მიმართა დახმარების მოთხოვნით.
საზღვარგარეთ არსებულ კვალზე საუბრობს იური ვაზაგაშვილის ადვოკატიც. თუმცა გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე ამბობს, რომ მომხდარიდან რამდენიმე დღეში პროკურატურისთვის უკვე ცნობილი იყო, ვისთან განახორციელა ზარები გია სოსანაშვილმა და ეს პიროვნებები არიან ზაზა სიმონიშვილი და გივი სილაგაძე, რომლებიც გია სოსანაშვილის მეგობრები არიან.
როგორც გაზეთი “კვირის ქრონიკა“ წერს, გამოცემას პროკურატურასთან დაახლოებულმა სანდო წყაროებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ზაზა სიმონიშვილი და გივი სილაგაძე საფრანგეთში იმყოფებიან და მათ საქართველო საკმაოდ დიდი ხნის წინ დატოვეს, შესაბამისად, ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქებული „ლიმონკის“ დეტალებზე მათი დნმ-ის კვალი ვერ იქნებოდა.
“ამ მოსაზრებას აძლიერებს პროკურატურის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიება საფრანგეთსა და ასევე ამერიკაში ეძებს სავარაუდო დამნაშავეებს და ამ ქვეყნების სამართალდამცველები ქართულ მხარესთან უკვე თანამშრომლობენ. ლოგიკას თუ მივყვებით, გამოდის, რომ დნმ-ის პატრონის კვალი ამერიკაშია, ხოლო სიმონიშვილი და სილაგაძე სოსანაშვილთან სატელეფონო საუბრის გამო იძებნებიან. “ქრონიკას“ დაუდასტურეს ინფორმაცია,რომ ამერიკაში მყოფი პიროვნება, რომელსაც გამოძიება ეძებს, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ, სწორედ უკრაინაში წავიდა და იქიდან ამერიკაში“, – წერს “კვირის ქრონიკა“.
გამოცემასთან, წყაროები ასევე აცხადებენ, რომ ეს პიროვნება არა მხოლოდ უშუალოდ მონაწილეობდა დანაშაულის ორგანიზებაში, არამედ ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე გია სოსანაშვილთან ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებაშიც მონაწილეობდა და მისი დნმ-ის კვალიც სწორედ მას შემდეგ გაჩნდა ასაფეთქებელზე.
“წყაროები აცხადებენ, რომ საფრანგეთში მყოფი ზაზა სიმონიშვილი და გივი სილაგაძე ორივენი ყოფილი პოლიციელები არიან. უცხოეთში მყოფებმა რა სახით მიიღეს მონაწილეობა დანაშაულში, ამის შესახებ ვერაფერს ამბობენ. ასევე, მათივე თქმით, სიმონიშვილსა და სილაგაძეს ძალიან კარგად იცნობდნენ ირაკლი ფირცხალავა და მისი ყოფილი შეფი ირაკლი ქადაგიძე. ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ საფრანგეთში მყოფ სიმონიშვილთან და სილაგაძესთან სისტემატიური კავშირი ჰქონდა ირაკლი ფირცხალავას, ის ამ ორ პიროვნებას ხშირად ეკონტაქტებოდა და არა მხოლოდ ტელეფონით, არამედ სკაიპით და ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც და გამოძიებას მათი კავშირის დამადასტურებული მტკიცებულებებიც ხელთ აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მათ გასაჯაროებას ერიდება“, – წერს “კვირის ქრონიკა“.
რაც შეეხება ამერიკაში უკრაინის გავლით გაქცეულ პიროვნებას, წყაროები აცხადებენ, რომ ეს ადამიანიც ყოფილი პოლიციელი ყოფილა. წყაროს მტკიცებით, ამ პიროვნების ამერიკაში გამგზავრებაზე ზურაბ ადეიშვილსა და დავით საყვარელიძეს უზრუნიათ.
“ის ერთ დროს ირაკლი ფირცხალავასთან და გია სოსანაშვილთან ერთადაც მუშაობდა და ისინი წლების მანძილზე იცნობდნენ ერთმანეთს. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ, ამ პიროვნების ამერიკაში გამგზავრებაზე ჯერ კიდევ ევროპაში მყოფ ზურაბ ადეიშვილს უზრუნია. მისი მითითებით კიევში მას დახვედრია უკრაინის ხელისუფლებაში დასაქმებული “ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, 2 დღე სასტუმროში გაუჩერებია და შემდეგ კიევიდან ამერიკაში გაუმგზავრებია. სავარაუდოდ, ეს პიროვნება დავით საყვარელიძეა, თუმცა ამ ეტაპზე ამას დაბეჯითებით ვერც ჩვენი წყარო ამტკიცებს“, – წერს გაზეთი “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები