შს მინისტრი: საზოგადოებას პოლიციის იმედი აქვს და ჩვენ უფლება არ გვაქვს, მას იმედი გავუცრუოთ

მიმაჩნია, რომ პოლიცია, ისევე როგორც ნებისმიერი სტრუქტურა, მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ბევრ სიახლეს ვგეგმავ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

შს მინისტრი ამბობს, რომ უწყებაში ვითარებას უკვე იცნობს,  თუმცა რამდენიმე საკითხს დეტალურად  ჯერ არ გასცნობია.

“ვითარებას, რა თქმა უნდა, უკვე ვიცნობ, თუმცა, რამდენიმე საკითხს ჯერ კიდევ დეტალურად ვაანალიზებ… რაც შეეხება თავდაპირველად გადასაჭრელ პრობლემას, გაგიმხელთ, რომ ბევრს­ ვმუშაობთ­ საგზაო მოძრაობის უსაფ­რ­თხოების განსამტკიცებ­ლად. მიმაჩნია, რომ პოლიცია, ისევე როგორც ნებისმიერი სტრუქტურა, მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ბევრ სიახლეს ვგეგმავ“, – აცხადებს შს მინისტრი.

მინისტრი ასევე პასუხობს  ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებას  იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდული უფლებებით შს სამინისტროს კრიმინალთან ბრძოლა შესაძლოა გაუჭირდეს.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, შეშფოთების მიზეზი არ არსებობს.

“ჩვენ ახლაც დიდი პასუხისმგებლობა­ გვაკისრია, მაგრამ რა თქმა უნდა, არა ისეთი, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროს­ გაყოფამდე. ჩვენი პასუხისმგებლობის სფერო საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაა, რასაც მთლიანად საპოლიციო ფუნქციები ფარავს. ამ ეტაპზე­ სწორედ იმას ვაფასებთ, პასუხობს თუ არა ჩვენი რესურსები და შესაძლებლობები მოთხოვნებს, რომელი სფერო უნდა გავაძლიეროთ, სად უნდა მოხდეს ხელახალი განაწილება. თავდაპირველი შეფასების საფუძველზე შეშფოთების საბაბი არ გვაქვს და პოლიცია თავის ფუნქციებს ეფექტურად შეასრულებს. საზოგადოებას პოლიციის იმედი აქვს და ჩვენ უფლება არ გვაქვს, მას იმედი გავუცრუოთ”, – აცხადებს მინისტრი.

რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებებს, რომ სამინისტროში “ძველი, კორუმპირებული კადრები დაბრუნდნენ”, შსს მინისტრი მოქალაქეებს მიმართავს, უწყებას ნებისმიერი ასეთი ფაქტის შესახებ აცნობოს.

“მინდა მივმართო მოქალაქეებს: ნებისმიერი ასეთი ფაქტის შესახებ გვაცნობეთ და ნახავთ, როგორ საპა­სუხო ნაბიჯებს გადავდგამთ! ვიმეორებ: გთხოვთ, გვაცნობოთ ფაქტები…
რაც შეეხება ზოგად ლაპარაკს, რომ ვიღაც კორუმპირებულია, მტკიცებულებების გარეშე ეს მხოლოდ შეფასებითი მსჯელობაა და ჩემთვის მიუღებელია.

ვფიქრობ, დღეისთვის პოლიციაში კორუფცია პრობლემა არ არის, თუმცა, პრევენციული მუშაობა მაინც ინტენსიურად მიმდინარეობს“, – აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.

კითხვაზე: რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება უკვე განახორციელეთ. ისიც ითქვა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა, თუმცა, ის უწყებაში სხვა პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს. რატომ ვერ ელევა სამინისტრო კადრს, რომელმაც, საზოგადოების ნაწილის აზრით, პოლიციის ღირსება შელახა?“ – შს მინისტრი აცხადებს,რომ ის გადაწყვეტილებებს იღებს ფაქტებით და არაჭორებით.

“ მე გადაწყვეტილებებს ვიღებ ფაქტებით და არა – ჭორებით“-აღნიშნავს გიორგი მღებრიშვილი. გიორგი მღებრიშვილი ინტერვიუში გავრცელებულ ინფორმაციაზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც, შს მინისტრად მისმა დანიშვნამ “რესპუბლიკელები” გაანაწყენა და, როგორც აცხადებს, ამ საკითხზე არაფერი იცის.

“ამ საკითხზე არაფერი ვიცი. თუმცა, რომც ვიცოდე, შს მინისტრი რაც ნაკლებს ისაუბრებს პოლიტიკურ თემებზე, მით უკეთესი იქნება ეს პოლიციის საქმიანობისთვის”, – განმარტავს გიორგი მღებრიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები