აშშ-ის დამკრძალავი ბიუროდან ქალის ცხედარი მოიპარეს
შემთხვევა ტეხასის შტატში, ქალაქ სან-ანტონიოში მოხდა. NBC News-ს ცნობით, ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა დამკრძალავი ბიუროდან 25 წლის ქალის ცხედარი მოიპარეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მპოვნელი 20 ათასი დოლარით დასაჩუქრდება.
ცნობილია, რომ ჯული მოტტი 8 აგვისტოს მემკვიდრეობითი დაავადებით, მუკოვისციდოზით (იგივე კისტოზური ფიბროზი) გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოსამშვიდობებელი პანაშვიდის ჩატარებას 15 აგვისტოს გეგმავდნენ, რადგან ჯულის სწორედ ამ დღეს 26 წელი შეუსრულდებოდა. პანაშვიდის შემდეგ ცხედარი დამკრძალავ ბიუროში გადაასვენეს, სადაც 16 აგვისტოს მისი კრემაცია იგეგმებოდა. მეორე დილით, როდესაც ბიუროს თანამშრომლები სამსახურში მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ მიცვალებულის სასახლე გატეხილი იყო, ცხედარი კი, მოპარული.
უცხოური მედიის ცნობით, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედებს ცხელ კვალზე ვერ მიაკვლიეს. სან-ანტონიოს პოლიციაში ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ქალის ცხედარი მაშინ მოიპარეს, როდესაც დამკრძალავ ბიუროში სამუშაო საათები დასრულდა – დაახლოებით 16:30 საათზე. დანაშაულის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ცხედარი კრემაციის პროცედურების მოწინააღმდეგე მოძრაობის წევრებმა გაიტაცეს.