პოროშენკო – უკრაინა რუსეთის მხრიდან გრძელვადიანი დესტაბილიზაციისთვის მზად უნდა იყოს
მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინის შეიარაღებული ძალები 18 უახლესი ტიპის იარაღს და საბრძოლო ტექნიკას მიიღებს. ამის შესახებ ხარკოვის ოლქში სამხედროებთან გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. ჩუგუევოს დასახლებაში პოროშენკო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღების და საბრძოლო ტექნიკის გადაცემის ცერემონიას დაესწრო. პოროშენკოს განცხადებით, უახლოეს მომავალში უკრაინის არმიისთვის 300 ერთეული ჯავშანტექნიკის, 400 ავტომობილის, 30 ათასი რაკეტის და დიდი რაოდენობით მსუბუქი იარაღის მიწოდება იგეგმება. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ქვეყნის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი გრივნა (2 მილიარდი დოლარი) სამხედრო ბიუჯეტს შეადგენს. პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინა აღმოსავლეთის მხრიდან გრძელვადიანი დესტაბილიზაციისთვის მზად უნდა იყოს.