იტალიაში მაფიის ერთ-ერთი ბოსის დაკრძალვის გრანდიოზული ცერემონია გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
რომში იტალიური მაფიის ერთ-ერთი ბოსის დაკრძალვის გრანდიოზულმა ცერემონიამ ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია. მაფიის 65 წლის ბოსი ვიტორიო კასამონიკა ბოლო გზაზე კინოფილმ „ნათლიას“ მუსიკის თანხლებით გააცილეს.
გარდაცვლილი მაფიოზის ცხედარი რომის ერთ-ერთ ეკლესიაში ეტლით მიასვენეს. ეტლს შავი ლიმუზინები მისდევდნენ, ვერტმფრენებიდან კი მიწაზე წითელი ვარდების ფურცლებს ყრიდნენ.
„რომის მეფევ, შენ რომი დაიპყარი, ახლა სამოთხე უნდა დაიპყრო“, – ეწერა ეკლესიის წინ გამოფენილ პლაკატებზე.
იტალიელმა პოლიტიკოსებმა მაფიოზის დაკრძალვის ცერემონიას დანაშაულებრივი სამყაროს მხრიდან გამოწვევა უწოდეს. მათ მიმართეს შესაბამის ორგანოებს, დაადგინონ, თუ ვინ დაუშვა ასეთი „ღონისძიების“ ჩატარება და მომავალში მსგავსი შოუების თავიდან ასაცილებლად ყველა აუცილებელი ზომის მიღებისკენ მოუწოდეს.