რა აკავშირებთ ოდესის კაფეში მომხდარ ტრაგედიას, აშშ-ს ლობისტურ კომპანიას და საქართველოს წინა ხელისუფლებას

ოდესის ერთ-ერთ კაფეში, სავარაუდოდ, 7 და 14 ივლისს შორის, მეგობარ ქალბატონებთან ერთად მისულმა ორმა მამაკაცმა იჩხუბა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მამაკაცი საავადმყოფოში მოხვდა და მოგვიანებით გარდაიცვალა.
ეს შეიძლება უბრალო საყოფაცხოვრებო შემთხვევად ჩათვლილიყო. მილიციამ ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა სხეულის მძიმე დაზიანების მუხლით, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. მაგრამ ჩნდება სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, დაისჯება თუ არა მკვლელი სათანადოდ.
ჩვენი მონაცემებით, ოდესის მკვიდრს სიკვდილამდე სცემა ალექსანდრე ორლიანშმა, სავარაუდოდ – მოლდაველმა. კაფეში კი ის 37 წლის მოლი მაკიუსთან ერთად მივიდა, რომელიც ადრე გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველად მუშაობდა, ხოლო საქართველოში 2008 წლის შემდეგ გახდა ცნობილი.
მის მოვალეობაში შედიოდა საქართველოს ხელისუფლების საინფორმაციო მხარდაჭერა საზღვარგარეთ და ამ ქვეყნის დადებითი იმიჯის შექმნა. საკუთარ თავს ის განსხვავებულად წარადგენს – ანალიტიკოსი, დამოუკიდებელი ექსპერტი, კონსულტანტი უსაფრთხოების საკითხებში.
აი რა დაწერა მოლი მაკიუს შესახებ 2012 წლის 17 სექტემბერს საინფორმაციო პორტალმა Civil.ge-მ, რომლის სპეციალიზაციაა საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაშუქება და იქ არსებული სიტუაციის ანალიზი. სტატიის სათაურია: „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს ლობისტური კომპანია დაიქირავა“.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის აპარატმა 320 ათას აშშ დოლარად 16 თვით ცოტა ხნის წინ დაფუძნებული ამერიკული კომპანია დაიქირავა, რომელიც საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან ურთიერთობებზე არის სპეციალიზებული. მისი მიზანია აშშ-ს ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის „საქართველოს მთავრობის პოლიტიკის და პროგრამების გაცნობა და განმარტება“.
ფირმა Fianna Strategies-ის ერთადერთი დამფუძნებელი მოლი მაკიუ გახლავთ, რომელის ვაშინგტონის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტურ ფირმაში – Podesta Group-ში მუშაობდა. Podesta Group-ს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან კონტრაქტი 2010 წლიდან აქვს გაფორმებული. Podesta-ში მუშაობის დროს მოლი მაკიუს ერთ-ერთი მოვალეობა იყო საქართველოსთან დაკავშირებული საქმეების წარმოება.
ფირმა Fianna Strategies-ის მიერ აშშ-ს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილ ოფიციალურ დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციისადმი გაწეული მომსახურება ითვალისწინებს „აშშ-ს მხრიდან საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკისადმი მხარდაჭერის განვითარება“.
ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე იყო გაფორმებული, კონსულტანტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას „აშშ-ს შესაბამისი აუდიტორიისთვის ადმინისტრაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დაეხმარება. ამ აუდიტორიაში შედის აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლება, კონგრესი, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები, ასევე მასმედია.
მომსახურება ასევე ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის წევრებისთვის რჩევების მიცემას საჯარო გამოსვლების და განცხადებების გაკეთების დროს.
ძირითადი კონტრაქტის გარდა, რომელიც 320 ათას დოლარს შეადგენს, კონსულტანტი ასევე თვეში 1 500 აშშ დოლარს მიიღებს „მიზნობრივი ხარჯებისთვის“, რაშიც ადგილობრივი და საერთაშორისო მგზავრობა არ შედის.
მზიანი საქართველოს შემდეგ ქალბატონმა მაკიუმ მიმდინარე წელს თავისი მზერა არანაკლებ მზიან ოდესას მიაპყრო: შესაძლოა, ის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტაციის შეთავაზებას გეგმავდა, შესაძლოა, გაზეთ „ვაშინგტონ პოსტისთვის“ ამ რეგიონის თავისებურებების შესახებ მორიგი სტატიის დაწერას გეგმავდა.
ამაში არაფერი დასაძრახი არ არის და ჩვენ ამაზე არც ვისაუბრებდით, მოლი მაკიუ ოდესის კაფეში ჩხუბს რომ არ დასწრებოდა. მაგრამ მისი და მთავარი ეჭვმიტანილის, ალექსანდრე ორლიანშის დაკითხვას ოდესის მილიცია ვერ ახერხებს. როგორც ჩვენთვის სარწმუნო წყაროებიდან გახდა ცნობილი, ამ წყვილმა 16 ივლისს უკრაინა – მოლდავეთის საზღვარი ავტომობილით გადაკვეთა და მათი დღევანდელი ადგილსამყოფელი უცნობია.

სერგეი რებროვი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები