უცხოური ინვესტიციების მოცულობა 87%-ით გაიზარდა
2014 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2013 წელთან შედარებით 87%-ით გაიზარდა.
აღნიშნულის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათი ცნობით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს 1758 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 87%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ კი მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19% შეადგინა.
უმსხვილესი სამი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2014 წლის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 52% შეადგინა.
განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 21%-ით, მეორეზე – აზერბაიჯანი 19%-ით, ხოლო მესამეზე – ჩინეთი 12%-ით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 2014 წელს 55% შეადგინა.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 433.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25%-ია.
მეორე ადგილს იკავებს მშენებლობის სექტორი 316.6 მილიონი აშშ დოლარით (18 პროცენტი), ხოლო მესამეს დამამუშავებელი მრეწველობა – 205.4 მილიონი აშშ დოლარით (12 პროცენტი).