„საზოგადოებაში არსებობს შიში სექტემბერთან დაკავშირებით”
„ვითიბი ბანკის” ფინანსური დირექტორის მამუკა მენთეშაშვილის განცხადებით, იმის საფუძველი, რომ სექტემბერში კატასტროფა გველის და ლარი გაუფასურდება, არ არსებობს.
კითხვაზე, რამდენად ლოგიკურია, რომ ფინანსთა მინისტრის საუბრიდან გამომდინარე, ვინც ლარს გადაახურდავებს დღეს, დოლარში წაგებული დარჩება, მენთეშაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებაში არსებობს შიში სექტემბერთან დაკავშირებით.
„ფინანსთა მინისტრის განცხადება და მონაცემები საკმაოდ პოზიტიურია. მისი განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, უახლოეს მომავალში არ იგეგმება ეროვნული ვალუტის დამატებითი ბეჭდვა და ქსელში ჩაშვება. რაც მთავარია, გაწერილია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და ამ მიმართულებით რაიმე გართულებებს არ ველოდებით. რაც შეეხება წაგებული დარჩება თუ არა ის მოსახლეობა, რომელიც დღეს დოლარს იყიდის, გეტყვით, რომ საზოგადოებაში არსებობს შიში სექტემბერთან დაკავშირებით, ანუ უმრავლესობის აზრით, ლარი შეიძლება გაუფასურდეს. დღევანდელი განცხადებით, ამის ნიშნები არ არის, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა. ლარის კურსის ცვალებადობა ბოლო დღეებში იყო, მაგრამ ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ახლა, როცა ვუყურებ თუნდაც “ბლუმბერგს”, საფუძველი იმისა, რომ სექტემბერში კატასტროფა გველის და ლარი გაუფასურდება, არ არსებობს”, – აცხადებს “ვითიბი ბანკის” ფინანსური დირექტორი.