ნოდარ ხადური: წლის ბოლომდე 190 მილიონი დოლარით გავზრდით ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებს
წლის პირველ ნახევარში ჩვენ 81 მილიონი დოლარი დავაგროვეთ, რომელიც ეროვნული ბანკის რეზერვებში შევიდა და წლის ბოლომდე კიდევ დამატებით 110 მილიონ დოლარს დავაგროვებთ, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრმა საზოგადოებას 7 თვის შესრულებული ბიუჯეტის ანალიზი წარუდგინა.
მისი თქმით, წლის ბოლომდე ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 190 მილიონი დოლარით გაიზრდება.
„წლის პირველ ნახევარში, 7 თვის განმავლობაში, ჩვენ 81 მილიონი დოლარი დავაგროვეთ, რომელიც ეროვნული ბანკის რეზერვებში შევიდა და წლის ბოლომდე კიდევ დამატებით, 110 მილიონ დოლარს დავაგროვებთ. ეს არის ის თანხები, რომელსაც ჩვენ მივიღებთ წმინდად, სხვაობა შემოსულ და გასულ თანხებს შორის დოლარებში და წლის ბოლომდე ჩვენ 190 მილიონი დოლარით გავზრდით ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებს. მინისტრმა მიმდინარე საგადამხდელო ანგარიშის დეფიციტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეფიციტის მაჩვენებელი მაღალია. მისი თქმით, წელს საგადამხდელო ანგარიშის დეფიციტი მილიარდ 400 მილიონი იქნება, რაც, მისივე თქმით, დასტურია იმის, რომ წელს ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა 200 მილიონი დოლარით ნაკლები იქნება შარშანდელთან შედარებით. “რაც შეეხება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, სამწუხაროდ, ძალიან მაღალი გვაქვს. შარშან წლის განმავლობაში დეფიციტმა შეადგინა მილიარდ 600 მილიონი დოლარი. წელს, წლის განმავლობაში მიმდინარე საგადამხდელო ანგარიშის დეფიციტი იქნება მილიარდ 400 მილიონი, რაც ადასტურებს, რომ ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა წელს იქნება 200 მილიონ დოლარით ნაკლები, ვიდრე შარშან იყო. ანუ ქვეყნიდან გავა 200 მილიონი დოლარით ნაკლები იმპორტზე და სხვაობა იქნება ნაკლები”, – განაცხადა მინისტრმა.