ანი მიროტაძე: საქართველოს დეოკუპაციის პროცესი შეუვალია
მათი დროებითი უპირატესობა და დაწინაურება არ ნიშნავს იმას, რომ არ მოხდება საქართველოს დეოკუპაცია, ქვეყნის დეოკუპაციაში სრულად ვარ დარწმუნებული, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე რუსი ოკუპანტების მიერ საზღვრის 800 მეტრით გადმოწევის ფაქტს.
როგორც მიროტაძემ განაცხადა, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა ყველაზე სამართლიანი ბრძოლაა და ამის წინააღმდეგ წასული ყველა სახელმწიფო წინასწარვე დამარცხებულია.
“ბრძოლა დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის არის ყველაზე სამართლიანი ბრძოლა და არც ერთი მხარე, ვინც ამის წინააღმდეგ იბრძვის, არც ერთ ბრძოლაში გამარჯვებული არ გამოსულა და არც ახლა მოხდება ეს, – ვგულისხმობ რუსეთს. მათი დროებითი უპირატესობა და დაწინაურება არ ნიშნავს იმას, რომ არ მოხდება საქართველოს დეოკუპაცია. მე ამაში სრულად ვარ დარწმუნებული. საქართველო ამ ბრძოლაში არ იყო მარტო და საქართველოს აქვს იმედი, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა უფრო აქტიური იქნება, რათა შევაჩეროთ ოკუპაცია”, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფელ თამარაშენის მცხოვრებთა სასოფლო-სამეურნეო მიწები მოექცა.