არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით სარეკომენდაციო დოკუმენტი მუშავდება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ იმსჯელა ინიციატივაზე, რომელიც არასრულწლოვანთა 24 საათზე მეტი დროით მესამე პირების მიერ სხვადასხვა ღონისძიებაზე გაყვანისათვის უსაფრთხოების სტანდარტის შემუშავებას გულისხმობს.

შეხვედრას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩინაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ესწრებოდნენ.

არასრულწლოვანთა გაყვანისათვის სპეციალური რეგულაციების შემუშავების ინიციატივა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს ეკუთვნის.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული სამსახურები ამ თემასთან დაკავშირებით, სარეკომენდაციო დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობდნენ. დღეს სამინისტროების ხელმძღვანელმა პირებმა რეკომენდაციების სამუშაო ვერსია შეაჯამეს და საკუთარი შენიშვნები გამოთქვეს. უკვე ცნობილია, რომ რეკომენდაციების ნაწილი ეხება, როგორც ტრანსპორტთან, კვებასთან, დაბინავებასთან, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტთან, ასევე უსაფრთხოებასთან (მათ შორის სახანძრო და სანიტარული) დაკავშირებულ საკითხებს. უახლოეს მომავალში, დოკუმენტის შესწორებული სამუშაო ვერსია განსახილველად გადაეგზავნება ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ყველა ორგანიზაციას, ასევე საგანმანათლებლო, სახელოვნებო და სპორტულ ასოციაციებსა და კავშირებს, დოკუმენტის შესწორებული სამუშაო ვერსია ასევე განთავსდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

სექტემბრის თვეში, ამ საკითხთან დაკავშირებით, გაფართოებული შეხვედრა გაიმართება ყველა დაინტერესებულ ფოკუს-ჯგუფთან და მედიის წარმომადგენლებთან.

არასრულწლოვანთა გაყვანისთვის უსაფრთხოების სტანდარტის შემუშავების თემაზე მომზადებული სარეკომენდაციო დოკუმენტის საბოლოო ვერსია მზად 2015 წლის სექტემბერში იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები