ბოშური საღამო ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე
7 აგვისტოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტები MANOLO – „The Voice of the Gypsiess”-ს მასპინძლობდა, დასასრულს, კი საფესტივალო კლუბში VIVA Brasil-ის შოუ გაიმართა.
MANOLO – „The Voice of the Gypsiess”-მა ზღვისპირა ქალაქში მოწვეული მოცეკვავების თანხლებით მუსიკალური წვეულება გამართა და ბათუმელებსა და დამსვენებლებს ერთი სასიამოვნო საღამო აჩუქა.
„მანოლომ“ მსემენელს ბოშების საუკეთესო სიმღერები გიტარისა და ვოკალის სახასიათო ჟღერადობითა და რითმებით შესთავაზა. შეასრულა ცნობილი ჰიტები Gipsy Kings -ის რეპერტუარიდან, როგორიცაა Bamboleo, Djobi Djoba, Volare და ა.შ.
დღე ამით არ დასრულებულა, საფესტივალო კლუბი VIVA Brasil-ის შოუს მასპინძლობდა. მოცეკვავებმა ბრაზილიური მუსიკა და კულტურა წარმოადგინეს და შუა სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს.
Viva Brasil-ი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოღვაწეობს და სხვადასხვა წარმოდგენასა და შემსრულებლებს გთავაზობთ, როგორიცაა საცეკვაო ჯგუფი „ვივა ბრაზილი“; „ვივა ბრაზილ პრეკუსია“; „ვივა ბრაზილ კაპუერა“; „ვივა ბრაზილ ბენდი“ და DJ; კარიბის შოუ; ლიმბო; კოქტეილ-შოუ.
15 წლის განმავლობაში VIVA Brasil-ს უკვე 2500 ღონისძიება აქვს ჩატარებული, ექსტრავაგანტული შოუს გამოცდილებითა და დაუვიწყარი მოგზაურობით, ბრაზილიასა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში.
მათი მოცეკვავეები და მუსიკოსები ევროპაში ყველაზე ნიჭიერი ბრაზილიელი შემსრულებლები არიან, რომლებმაც მოღვაწეობა ბრაზილიის ქუჩებში დაიწყეს და რიოს კარნავალის საუკეთესო ჟღერადობას ქმნიან. დრამერებმა, რომლებიც სამბას სკოლებში უკრავდნენ, დახვეწეს საკუთარი შესაძლებლობები და ჯგუფში Taste of Brasil საოცრად ამჟღავნებენ.
მოცეკვავების მიზანია, მსმენელი საუკეთესო განწყობითა და სიცოცხლის ხალისით დატოვოს. ისინი პერიოდულად ანახლებენ საკუთარ რეპერტუარს, რათა მსმენელს მიანიჭოს ახალი და განუმეორებელი განცდები ყოველ ღონისძიებაზე.
მანოლო Chico & the gypsies – ს ყოფილი ვოკალისტი და მუსიკის ამ ჟანრის ერთ-ერთი უნიკალური ლეგენდაა. დისკით, რომლის ავტორი, კომპოზიტორი და მომღერალი თავად მანოლოა, ბოშა მეგობრებთან ერთად შეძლო მთელი მსოფლიო აეცეკვებინა და 200,000 ალბომზე მეტი გაეყიდა. „მანოლო“ უკვე თითქმის 20 წელია, რაც მსოფლიოს მასშტაბით (პარიზი, ნიუ-იორკი, ბუენოს – აირესი, ტოკიო, მოსკოვი, არაბეთის ემირატები და ა.შ.) მოღვაწეობს და ასევე მრავალ პრესტიჟულ კერძო საღამოშიც მონაწილეობს. 2010 წელს „მანოლო“ გამოეყო ბენდს და ჩამოაყალიბა საკუთარი ანსამბლი Manolo et ses Gitans-ი , რამაც საშუალება მისცა, თავისი შესაძლებლობები უფრო მასშტაბურად გამოემჟღავნებინა.