კონკურსის – „ჩემი თბილისობა“ „ღია კარის“ დღე გაიმართა
თბილისის მერიაში კონკურსის – „ჩემი თბილისობა“ „ღია კარის“ დღე გაიმართა. მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა დაინტერესებულ პირებს კონკურსთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
მერიის ცნობით, „ღია კარის“ დღეს როგორც კერძო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, რეჟისორები და დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა დედაქალაქის მთავრობის წევრებს კონცეფციასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
მერის მოადგილემ შეხვედრაზე კონკურსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ნინა ხატისკაცის თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც სახალხო დღესასწაულის კონცეფციის შესამუშავებლად კონკურსი ცხადდება. „ინტერესი საკმაოდ მაღალია. დღეს შეხვედრას რამდენიმე ათეული ადამიანი დაესწრო, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იდეებს მივიღებთ. აღნიშნული კონკურსი, ღონისძიების დაგეგმვაში საზოგადოების ჩართულობა, დღესასწაულს არსებული ტრადიციების გათვალისწინებით, უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის“, – განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
შეხვედრის მონაწილე ოთარ ლეჟავამ დღესასწაულის კონცეფციაზე მუშაობის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოთარ ლეჟავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „თბილისობის“ დაგეგმვაში თბილისელები ჩაერთვებიან. რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში, მით უფრო მეტი იდეა და სიახლე გაჩნდება.
შეხვედრას რეჟისორი ბასა ფოცხიშვილიც დაესწრო, რომელმაც კონკურსში ჩართვის მზაობა გამოთქვა.
კონკურსი „ჩემი თბილისობა“ 6 აგვისტოს გამოცხადდა. საკონკურსო კომისია, რომელსაც ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს, მაქსიმუმ სამ საუკეთესო კონცეფციას გამოავლენს. აღნიშნული კონცეფციები გახდება საჯარო და კვლავ მოქალაქეებს შეეძლებათ ონლაინხმის მიცემის საფუძველზე განსაზღვრონ გამარჯვებულთა რიგითობა. იმ პროექტს, რომელიც ხმათა უმრავლესობას მიიღებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ემატება ხალხის ერთი ხმა.
გამარჯვებული კონცეფციის ავტორი 14 000 ლარით, მეორე ადგილზე გასული – 9 000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული – 7 000 ლარით დაჯილდოვდება.
დაინტერესებულ პირებს კონცეფციის წარდგენა ქთბილისის მერიის პირველ სართულზე, 18 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.