მესამე ქვეითი ბრიგადის 23 წლის იუბილე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა

ქუთაისში დისლოცირებული მესამე ქვეითი ბრიგადის 23 წლის იუბილე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა.

ქართველ სამხედროებს ბრიგადის დაბადების დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ, დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მიულოცეს.

საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დღესვე მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში განსაკუთრებული წვლილისთვის პრემიერ-მინისტრის მადლობის სიგელით პირველი კლასის რიგითი, მუხრან დიასამიძე დაჯილდოვდა.
ასევე, პირველი ხარისხის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ ოთხ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა. მეორე ხარისხის უწყებრივი მედლით 24 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო მესამე ხარისხის უწყებრივი მედლით 85 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.
სამხედრო მოსამსახურეების ნაწილმა კი საპატიო და მადლობის სიგელები დაიმსახურა. სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდოები გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელმა და მესამე ბრიგადის მეთაურმა გადასცეს.
სამხედრო მოსამსახურეები ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა და ბრიგადას ხატი უსახსოვრა. საზეიმო ცერემონიალის დასასრულს ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო შეიარაღების გამოფენა მოეწყო. გამოფენას ჯარისკაცების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მესამე ქვეითი ბრიგადის იუბილე არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული თაობის“ მიერ ორგანიზებული კონცერტით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები