გლდანში ცენტრალური ქუჩა მოწესრიგდა

გლდანის რაიონის გამგეობის დაფინანსებით გ. ხიზანიშვილის სახელობის ქუჩის კენტი მიკრორაიონების მხარის  რეაბილიტაცია დამთავრდა. აღნიშნული ქუჩა გლდანის ცენტრალური ქუჩაა, მისი სიგრძე 3 300 მეტრია. მოხდა მთლიანი ქუჩის ფრეზირება და ორმოულების ამოვსება.
პნევმატური ჩაქუჩებით მოიხსნა დაზიანებული ასფალტო-ბეტონის საფარი. მოხდა 10 სმ სისქის საფარის ფრეზირება. ორმოულები დამუშავდა ხერხით და თხევადი ბიტუმით. საფარის ქვედა ფენას მოესხა ბიტუმის ემულსია. გადაიხურა ჭები ოთხკუთხა ჩარჩო ხუფებით და მოხდა მათი მოყვანა ბეტონის სპეციალური საფუძვლის ნიშნულზე. ამის შემდეგ, მოეწყო ასფალტო-ბეტონის 5 სმ-იანი წვრილმარცვლოვანი საფარი.
,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლდანის მოსახლეობისთვის ცენტრალური ქუჩის წესრიგში მოყვანა. დავიწყეთ ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელება. მანამდე დავაგეთ და წესრიგში მოვიყვანეთ გლდანის შიდაკვარტალური ეზოები და კორპუსებთან მისასვლელი ქუჩების დიდი ნაწილი. სარაჯიშვილის ქუჩა გლდანის სახეა. აქ დიდი ხანია აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებულა. საზოგადოება სწორად აღიქვამს ამ ქუჩის მნიშვნელობას როგორც ადგილობრივებისთვის, ისე სტუმრისთვის. რაც მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია. ჩატარებული სამუშაო გააადვილებს მოძრაობას, ავტომანქანის მფლობელთა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანების დროს და ენერგიას დაზოგავს. ასევე ქალაქის იერ-სახეს დაამშვენებს. ორ დღეში ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ლუწი მიკრორაიონების მხარესაც დასრულდება“ – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ. საგზაო სამუშაოები შპს ,,კომფორტ მშენმა” და ,,სკინჩმა” შეასრულა.
ხიზანიშვილის ქუჩის კენტი მიკრო რაიონების მოწყობისთვის რაიონის ბიუჯეტიდან 160 000 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები