პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტების კიბერასპექტები და საქართველო – კიბერელემენტების გამოყენება თანამედროვე კონფლიქტებში
საქართველოსთვის, როგორც მცირე რესურსის მქონე ქვეყნისათვის, მეტად მნიშვნელოვანია, ძლიერ მოწინააღმდეგესთან კონფლიქტისას მოწინააღმდეგის გამოფიტვისკენ მიმართული ასიმეტრიული პასუხების გამოყენება. ასეთ გარემოში, ცხადია, დიდ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფო უსაფრთხოების კიბერმდგენელი. უკანასკნელ ათწლეულში კიბერდომეინი საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და კოსმოსურის შემდეგ, დაპირისპირების მეხუთე სივრცედ დამკვიდრდა და იგი სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური თუ სამხედრო მიზნების, გეოპოლიტიკური უპირატესობის მისაღწევად.
თუკი პოსტსაბჭოთა საივრცეში რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე კონფლიქტებს გავაანალიზებთ, ცხადი ხდება, რომ იგი კონფლიქტის ტერიტორიებს განიხილავს, როგორც შეიარაღების კინეტიკური სახეობების, ასევე კიბერშეტევითი პოტენციალის გამოსაცდელ ერთგავრ პოლიგონად. ამის ნათელი მაგალითია რუსეთის მხრიდან თუნდაც საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის პერიოდიდან უკრაინაში ამ მხრივ მიღწეული „პროგრესი“ და კიბერელემენტის გამოყენების არეალის მკვეთრი ზრდა. უკრაინის კრიზისი ნატოს მიერ აღიარებულია ინფორმაციული ოპერაციების, პროვოკაციების, კიბერთავდასხმების სამხედრო ოპერაციებთან სტრატეგიული ინტეგრაციის მაგალითად. ამდენად, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია აღნიშნული კონფლიქტის და რუსეთის დაინტერესების სფეროში ამ მხრივ პარალელურად მიმდინარე პროცესების დეტალური ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა. საქართველოსთვის, როგორც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირების მსურველი ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების ინტეგრირება სამხედრო ოპერაციების ჭრილში. უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს „სუფთა კიბერომი“ და ყოველი კიბეროპერაცია, როგორც წესი, საინფორმაციო, შეზღუდული მასშტაბის, ჰიბრიდული თუ სრულმასშტაბიანი ომის ნაწილია.
კიბერელემენტი, დღესდღეობით, უკვე წარმოადგენს ყველა ომისა და კონფლიქტის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. საქართველოსთვის, როგორც რუსეთის დაინტერესების მუდმივი ობიექტისთვის, კიბერსივრცის დაცვა მისი ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის წინააღმდეგ გამოყენებისაგან პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქნას აღიარებული. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით, განსხვავება, ჩვენსა და მოწინააღმდეგეს შორის, კოლოსალურია, კიბერსივრცე ის არეალია, სადაც პატარა ქვეყანას რეალურად შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესორს და იგი შესაძლოა გახდეს მის ქმედებებზე ასიმეტრიული პასუხის ერთ ერთი წარმატებული ელემენტი ან წინააღმდეგობის მოქმედი ფრონტი. ყველასათვის კარგად ცნობილი პროგრამა-დივერსანტი “Stuxnet”, რომლის სამიზნე ირანის ბირთვული პროგრამა იყო, ზემოქმედების კლასიკური მეთოდების (ავიადარტყმების მუქარა, პოლიტიკური ზეწოლა, ეკონომიური სანქციები) კიბერსაშუალებებით შევსების კარგი მაგალითია. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ძლიერი და განვითარებული ქვეყნებიც კი კარგად აცნობიერებენ, რომ კიბერშეიარაღება წარმოადგენს რეალურ ასიმეტრიულ ინსტრუმენტს იმ ქვეყნებისა თუ დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებიც ხელყოფენ საერთაშორისო წესრიგსა და უსაფრთხოებას. მით უმეტეს, მნიშვნელოვანია, აღნიშნული მიმართულება, როგორც შესაძლო ასიმეტრიული პასუხის ერთ-ერთი მდგენელი, მცირე სახელმწიფოთათვის.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია განვიხილოთ საომარ თუ კრიზისულ ვითარებებში კიბერელემენტის გამოყენების უკანასნელი ტენდენციები და პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე კონფლიქტებში კიბერთავდასხმების გამოყენების სპეციფიკა. სწორედ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს საქართველოში კიბერთავდაცვითი პოტენციალის განვითარება, კიბერელემენტის ინტეგრაცია სამხედრო შესაძლებლობებთან, რაც, საერთო ჯამში, მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს საიმედო პარტნიორად და სანდო მოთამაშედ აქცევს.
კიბერსივრცე, როგორც მხარეთა დაპირისპირების არეალი, ყოველდღიურად უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. განვითარებული ქვეყნების კიბერუსაფრთხოების სფეროში ჩართული დანაყოფების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ბიუჯეტი კი მილიარდობით დოლარს უტოლდება. კიბერდომეინის მიმართ ქვეყნების მზარდ ინტერესს ის გარემოებაც ადასტურებს, რომ მიუხედავად ეკონომიური კრიზისებისა თუ ფინანსური სირთულეებისა, ჯერ არც ერთ სახელმწიფოს ეს ხარჯი არ შეუმცირებია. ცხადია, ეს სისტემები მხოლოდ თავდაცვას არ ემსახურება. ნატოს უელსის სამიტის წინ გაჟღერებული მონაცემებით, ოცდაათამდე ქვეყანას უკვე გააჩნია შემტევი პოტენციალი, რაც მოწინააღმდეგის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერდივერსიებსაც გულისხმობს.
ცხადია, რთულია ზუსტი პროპორციის დადგენა შემტევ და თავდაცვით საშუალებებზე დახარჯულ თანხებს შორის, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ შეტევით პოტენციალზე არსებული მონაცემები ხელოვნურად შემცირებულია.
შემტევი კიბერპოტენციალის თვალსაზრისით, რუსეთი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნ. პატრუშევი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების უზრუნველყოფის მიზნით, სტრატეგიული დაგეგმვის კორექტირებულ დოკუმენტებში, რომლებიც 2020 წლამდე ამოცანებს განსაზღვრავს, რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტრინას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პატრუშევის მოსაზრებით, „პირველ რიგში, ეს გამოწვეულია, ახალი სამხედრო საფრთხეების და მუქარების წარმოქმნით. მათი გამოჩენა თვალსაჩინოა „არაბული გაზაფხულის“ მოვლენებში, სირიასა და ერაყში, უკრაინასა და მის გარშემო მიმდინარე პროცესებში. გამოიკვეთა სამხედრო საფრთხეების წანაცვლება საინფორმაციო სივრცეში“. კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხების სპეციალიზირებული კონფერენციებიდან საჯარო პოლიტიკის სფეროში გადანაცვლება მარტო რუსული ტრენდი არ არის. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ რუსეთისა და ჩინეთის მიერ ხელმოწერილ იქნა შეთანხმება საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების მიზეზები ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს, თუმცა, მხედველობის მიღმა არ უნდა დარჩეს ის გარემოება, რომ კიბერთავდაცვით სფეროში (ცხადია, ეს შემტევ პოტენციალსაც გულისხმობს) არსებული სამი უდიდესი მოთამაშისგან (აშშ, რუსეთი, ჩინეთი), კიბერთავდასხმებზე ბრალდება მუდმივად რუსეთისა და ჩინეთის მისამართით ისმის, მაშინ, როდესაც ამ ორ სახელმწიფოს შორის კიბერსაფრთხეების სფეროში რაიმე ხმაურიან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, რაც თავისთავად ლოგიკურს ხდის მათ ალიანსს; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ჩინეთის მხრიდან ორგანიზებული კიბერთავდასხმების სამიზნეს ძირითადად კომერციული საიდუმლო ინფორმაცია წარმოადგენს და, ამდენად, საქართველოსთვის ნაკლები საფრთხის შემცველია, რუსეთი აქტიურად იყენებს კიბერელემენტს სახელმწიფოებრივი მიზნების, ამოცანების გადასაჭრელად, მათ შორის, სამხედრო თუ გეოპოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად. ცხადია, ეს გარემოება საქართველოსთვის უაღრესად დიდ საშიშროებას წარმოადგენს.
უკანასკნელი პერიოდის აქტიური საბრძოლო დაპირისპირებების უმრავლესობას კიბერელემენტი თან ახლდა ამა თუ იმ ფორმით. კიბერდაპირისპირება ახასიათებდა ლიბიის ომს, ნაწილობრივ სირიის კონფლიქტს, ხოლო კიბერშპიონაჟი და კიბერდივერსიები საერთაშორისო ურთიერთობებს მუდმივ ფონად გასდევს. Stuxnet-ის ეპიზოდი, ჯაშუშური ვირუსებისა თუ ქსელების (Duqu, Flame, Gauss, Miniduke, Red October, Wiper) აღმოჩენა – კიბერშპიონაჟისა თუ დივერსიებისა, ეს არასრული ჩამონათვალი 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოდან დღითიდღე იზრდება და მზარდ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს წინააღმდეგ კიბერჯაშუშობის მასშტაბებზე თუნდაც ამერიკული ნახევრადსამთავრობო ორგანიზაციის Fire Eye-ს ანგარიშში არსებული მონაცემებიც მოწმობს, რომლის თანახმადაც, წლების მანძილზე ვირუსის ზემოქმედებას დაექვემდებარა სამთავრობო და ძალოვან სტრუქტურათა რესურსები, სამხედრო ატაშეების ოფისები, ნატო-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და სხვა სენსიტიური მასალები. ცალკე უნდა განვიხილოთ ის მიზანმიმართული ჯაშუშური ქმედებები, რომელთა სამიზნეც სამხედრო სამრეწველო სფეროს საიდუმლო პროექტებია.
ობიექტური რეალობაა, რომ კიბერსივრცეში საიმედო დაცვის შექმნა უკიდურესად რთული ამოცანაა, მასშტაბური კიბერშეტევის თავიდან აცილება და ადექვატური პასუხი კი თითქმის შეუძლებელი; სახელმწიფოები ცდილობენ აქცენტი შემტევ ოპერაციებზე გააკეთონ, რათა ეფექტურად გამოიყენონ კიბერსივრცე მიზნების მისაღწევად.
კიბერშეიარაღების კონტროლის ან გამოყენების აკრძალვის საერთაშორისო სისტემების შექმნის მცდელობები გრძელდება, თუმცა უახლოეს პერიოდში რაიმე მნიშვნელოვან შედეგს ამ ქმედებებისაგან არ უნდა ველოდეთ, რაც კიბერიარაღის თვისებებით, განსაკუთრებით კი მისი იდენტიფიკაციის შეუძლებლობით არის განპირობებული. სიტუაციას ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ შეტევა ამ სფეროში ყოველთვის დარჩება უფრო იაფ და დამანგრეველი შედეგების მქონე ქმედებად, ხოლო დაცვა – ძვირადღირებულ და უკიდურესად რთულ პროცესად.
რუსეთ–უკრაინის კონფლიქტი
კიბერელემენტების გამოყენების შესწავლისათვის მნიშვნელოვანია უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის აქტიური ფაზის განხილვა, რომელიც ექსპერტთა მიერ ჰიბრიდული ომის წარმატებულ მაგალითად არის აღიარებული. კიბერთავდასხმების, როგორც ჰიბრიდული ომის შემადგენელის, გამოყენება რუსეთმა და მასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა უკრაინის კონფლიქტში ყირიმის ანექსიის მომენტიდან დაიწყეს, თუმცა ზოგიერთი მონაცემით, კიბერშეტევები ევრომაიდანის დროიდან იღებს სათავეს. განხორციელდა მასშტაბური შეტევები სამთავრობო საინფორმაციო რესსურსსა თუ ზოგიერთი პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის პერსონალურ მონაცემებზე. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო DDoS შეტევები საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების თუ თავდაცვის სექტორის, უკრაინის პრეზიდენტის საიტებზე, მიზანმიმართული თავდასხმები თაღლითური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ცენტრალური საარჩევნო კომისის მუშაობის მოშლის მცდელობები საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისას 2014 წელს, ვირუს Uroboros-ის მოქმედება, რამაც დააზარალა სამთავრობო, განსაკუთრებით კი ძალოვანი სტრუქტურების რესურსები, კიბერდარტყმის ქვეშ მოექცა ასევე საინფორმაცვიო საშუალებების, საფინანსო დაწესებულებებისა თუ მსხვილი სამრეწველო ობიექტების ვებ-რესურსი.
მთელ კონფლიქტს ფონად გასდევდა კიბერზემოქმედების ათეულობით მცდელობა. ცნობილი კომპანიის, ESET-ის მონაცემებით, უკრაინისა და ნაწილობრივ პოლონეთის წინააღმდეგ მიზანმიმართულად იქნა გამოყენებული ვირუსი Blachenergy. ამ ვირუსის ზემოქედების ქვეშ მოექცა სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სტრუქტურების რესურსი, ასევე სამრეწველო სექტორის გარკვეული ნაწილი. გამოყენებულ იქნა ვირუსი Cosmicduke, ასევე არსებობს მონაცემები თანამდებობის პირთა მიმართ ვირუს Fireeye-ს გამოყენების შესახებ. ზემოაღნიშნული მავნე პროგრამების დანიშნულებას ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომა წარმოადგენდა, რაც გარკვეული წარმატებით იქნა კიდევაც განხორციელებული. გარდა აღნიშნულისა, არსებობს მრავალი მონაცემი სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშებით განხორციელებულ დეზინფორმაციის გავრცელებასა და ტრადიციული სოციალური ინჟინერიის მეშვეობით განხორციელებულ შეტევებზე.
უკრაინის კონფლიქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ კიბერშპიონაჟი თუ კიბერდივერსიები დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. რუსეთის სპეცსამსახურებმა, უკრაინელი ექსპერტების მონაცემებით, შეძლეს გამოეყენებინათ მსხვილი მობილური ოპერატორების შესაძლებლობა აბონენტებზე ფარული მოსმენებისათვის, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრისა თუ სხვა მონაცემთა მიღებისათვის. ამგვარი ინფორმაციის გამოყენება მრავალმხრივაა შესაძლებელი: დაწყებული ფსიქოლოგიური ზემოქმედებიდან თუ ინფორმაციის მოხსნიდან და დასრულებული საარტილერიო დარტყმისთვის კოორდინატების გადასაცემად ადგილმდებარეობის განსაზღვრით. არსებული მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ სახეზეა ერთ ერთი მხარის მიერ კიბერსივრცის, კერძოდ კი მისი სატელეკომუნიკაციო მდგენელის დესტრუქციული მიზნებისათვის გამოყენება. რუსეთის მხრიდან კიბერშესაძლებლობების ზრდის ტენდენცია და მისი ფართოდ გამოყენება კონფლიქტურ სიტუაციებში წარმოშობს სეროზულ საფრთხეს, რომ მომავალი ესკალაციის შემთხვევაში მოხდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული შეტევა, რასაც, შესაძლოა, დიდი მსხვერპლი და მასიური ნგრევა მოჰყვეს.
ჰიბრიდული ომის ნიშნები პოლონეთის წინააღმდეგ
უკრაინის კრიზისის მსვლელობისას პოლონეთი იყო მოწინავე სახელმწიფო ევროპაში, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა ოფიციალურ კიევს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. იგი, ხუთ სხვა სახელმწიფოსთან ერთად, აქტიურ მხარდამჭერად მოგვევლინა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც. ცხადია, აღნიშნული მკვეთრი პოზიცია ექსპერტებს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ პოლონეთი შესაძლოა გახდეს რუსეთის ჰიბრიდული ომის ლოგიკური სამიზნე.
პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს სამთავრობო კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის (CERT) მოხსენების თანახმად, შეინიშნება პოლონეთის სამთავრობო რესურსზე განხორციელებული კიბერშეტევების ზრდის ტენდენცია. 2011-12 წლებში დაფიქსირებული ასეულობით დადასტურებული კიბერშეტევის რიცხვი 2013 წელს 5670, ხოლო 2014 წელს 7498-მდე გაიზარდა. პოლონელი ექსპერტების მონაცემებით, რეგისტრირებული კიბერშეტევების დონე და მათგან მომდინარე საფრთხე მკვეთრად გაზრდილია წინა წლებთან შედარებით. ხშირ შემთხვევაში, შეინიშნება უცხო ქვეყნის მხარდაჭერის კვალიც.
2014 წელს განხორციელდა გახმაურებული ჰაკერული და ე.წ DDoS თავდასხმები პოლონეთის საკვანძო სახელმწიფო და ფინანსურ საიტებზე, მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტისა და ვარშავის საფონდო ბირჟის გვერდებზე. ზემოხსენებულ ინციდენტებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღო „კიბერ-ბერკუტმა“, მიზეზად კი პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ შურისძიება დაასახელა „პოსტ – ევრომაიდანზე“ უკრაინელი სამართალდამცავი ორგანოებისათვის გამოხატული მხარდაჭერის გამო. აღიარებულ ტენდენციად გვევლინება ის გარემოება, რომ ამ ორგანიზაციის აქტივობები ხშირ შემთხვევაში რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე კონფლიქტის შემადგენელი ნაწილია და არა განყენებული „შურისძიების აქტი“.
უკრაინასა თუ პოლონეთის კიბერსივრცეში მიმდინარე მოვლენებმა ცხადყო, რომ კიბერელემენტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომის ან რესურსის წყობიდან გამოყვანის მიზნით; კიბერსივრცეში იკვეთება პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ წარმოებული „საინფორმაციო ომის“ ახალი ტენდენცია, რომელიც მოიცავს უცხოური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას ბლოგერებისა და ავტორების მიერ ონლაინ სადისკუსიო ფორუმებისა და ვებ-გვერდების კომენტარებში. აღნიშნული ტენდენცია მეტად ყურადსაღებია საქართველოსთვის, როგორც ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე ქვეყნისათვის. პოლონური CERT-ის მონაცემებით, ბევრი ასეთი ბლოგერი ანაზღაურებას იღებსუცხოური სახელმწიფოსგან, თუმცა არ გამოირიცხება გულუბრყვილო,დეზინფორმაციით შეცდომაში შეყვანილ ან იდეოლოგიურად ანგაჟირებულ პირთაშეხედულებებისა და მიდგომების გამოყენება უცხო ქვეყნის ინტერესებისგასატარებლად.
ყირიმის ანექსიის შემდეგ პრორუსული ხასიათის ინფორმაციით პოლონური საიტების გაჯერების ტენდენციას პოლონური საინფორმაციო გამოშვებები ცალსახად უწოდებენ რუსეთის ჰიბრიდულ ომს პოლონეთის წინააღმდეგ. ბოლო ათწლეულში ტრადიციულად ქცეული კიბერთავდასხმების გარდა, მიმდინარე სამხედრო ოპერაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა უკვე იქცა ჰიბრიდული ომის ძირითად, საკვანძო ელემენტად. თუკი ესტონეთისა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევები ამ სახელმწიფოთა საინფორმაციო არხების განადგურებას ისახავდა მიზნად, დღესდღეობით კიბერსივრცის გამოყენება რუსეთის მხრიდან სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება მოწინააღმდეგის არხების საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისათვის გამოსაყენებლად.
ამ ფონზე არ არის გასაკვირი პოლონეთის ხელისუფლების შეშფოთება თებერვალში რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს პოლონურ ენაზე მაუწყებლობის დაწყებამ. „სპუტნიკი“ 2014 წლის მიწურულს ჩამოყალიბდა და ოცზე მეტ ენაზე მაუწყებლობს. ევროპელი ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული სააგენტო სამიზნედ 30-ზე მეტ ქვეყანას განსაზღვრავს და რეალურად რუსული პროპაგანდის მნიშვნელოვან არხს წარმოადგენს.
პროპაგანდის აღნიშნული ფორმა არ არის ერთადერთი საშუალება რუსეთის არსენალში. 2015 წლის დასაწყისში ფეისბუკში შექმნილი პოლონურენოვანი გვერდებით გავრცელებული მოწოდება ვილნიუსისა და ლვოვის პოლონური რესპუბლიკების შექმნის თაობაზე, საერთო შეფასებით უკრაინასთან და ლიტვასთან გამთიშავი პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია და, ცხადია, რუსეთთან ასოცირდება, თუნდაც იმ ნიშნით, რომ ამგვარი ვირტუალური ჯგუფების მსგავსება მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ დონეცკისა თუ ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებთან“, თვალსაჩინოა. დაახლოებით იგივე მეთოდი იქნა გამოყენებული საქართველოს შეიარაღებული ძალების ISAF მისიაში მონაწილეობისადმი ნეგატიური ფონის შექმნის მიზნით – „ჯიჰადისტური“ ვიდეორგოლის გავრცელებით, რომელიც ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის მეტად რთულ პერიოდს დაემთხვა და სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, სეპარატისტული რეგიონიდან იმართებოდა. ზემოხსენებული ფეისბუკ-ჯგუფების არსებობამ გამოხმაურება გამოიწვია რეგიონში, რადგან აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მტკივნეულია ლიტვისთვის, სადაც პოლონური უმცირესობა პრორუსულია და რუსულ ენაზე იღებს ინფორმაციას.
პოლონეთის წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ აქტივობებში, გარდა პირდაპირი კიბერთავდასხმებისა სახელისუფლებო თუ ფინანსურ ინსტიტუტებზე, კიბერელემენტი მინიმუმ სამი მიზნის მიღწევაშია ჩართული. პირველი, ეს არის პოლიტიკური თუ ეკონომიური არასტაბილურობის განცდის დათესვა, რაც მართვადი სატელეკომუნიკაციო სივრცისა და სამაუწყებლო არხების მეშვეობით მიიღწევა; მეორე – პრორუსულ ელიტაზე გავლენის მოხდენა და მოსაზრების დანერგვა, რომ პრორუსული ძალები შესაძლოა მოხვდნენ პარლამენტში ან სულაც მთავრობის ფორმირებაში მიიღონ მონაწილეობა, რისთვისაც პრორუსული პოლიტიკური პარტიების საინფორმაციო მხარდაჭერის კიბერარხების შექმნა ხდება და მესამე – სოციალური ქსელებისა თუ კიბერსივრცის სხვა სეგმენტის გამოყენება ძირგამომთხრელი საქმიანობის მიმართულებით, განსაკუთრებით მეზობლებთან ურთიერთობის კონტექსტში, რაც ჩანასახშივე სპობს მოსალოდნელი აგრესიისადმი კოლექტიური წინააღმდეგობის შესაძლებლობას და კონსენსუსის მიღწევას კოლექტიურ პასუხზე.
ერთის მხრივ, იმედის მომცემია ის გარემოება, რომ პოლონეთს პრაქტიკულად არ გააჩნია მნიშვნელოვანი რუსულენოვანი უმცირესობა და გაცილებით უფრო მეტადაა ინტეგრირებული ევროატლანტიკურ სივრცეში, ვიდრე უკრაინა, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ესკალაციას ყირიმის სცენარით, მით უმეტეს “მწვანე კაცუნების” და კინეტიკური საშუალებების გამოყენებით, თუმცა, ეს კიდევ უფრო ზრდის რისკს, რომ კიბერსივრცეში აქტიურობები გაიზრდება და შესაძლოა მეტად მწვავე და სახიფათო ფორმებიც კი მიიღოს.
საქართველოს გამოწვევები კიბერთავდაცვის სფეროში
კრემლი საქართველოს მისი გავლენის სფეროდ მოიაზრებს და უკრაინისა და თუნდაც პოლონეთის მაგალითი არის მკაფიო ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს რუსეთის ჰიბრიდული ომის სამიზნეს. როგორი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგიული ხედვა კიბერთავდაცვის განვითარების თვალსაზრისით? ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომლის წევრობისკენაც მიისწაფვის საქართველო, აცნობიერებს, რომ მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის გარეშე იგი ვერ შეძლებს სრულყოფილად შეასრულოს თავისი როლი კიბერსივრცეში. დადებითად შესაფასებელი და გამოსაყენებელია ის ფაქტი, რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ინფორმაციის გაცვლა, ორმხრივი თანამშრომლობა უფრო და უფრო ღრმავდება ალიანსში, როგორც წევრ ქვეყნებს შორის, ასევე მოკავშირეებისთვისაც. ამავდროულად, საქართველოს გაცნობიერებული აქვს, რომ კიბერთავდაცვის უზრუნველყოფა ქვეყნის შიგნით უნდა დაიწყოს და ცდილობს, გამოყოს ადამიანური და ფულადი რესურსი საკუთარი კიბერშესაძლებლობების განვითარებისათვის. თუ სახელმწიფოს სურს, ისარგებლოს ალიანსის ერთობლივი შესაძლებლობებით კიბერსფეროში, მაშინ დიდი ძალისხმევა უნდა გასწიოს საკუთარი კიბერუსაფრთხოების განსავითარებლად. ამ მხრივ საჭიროა დიდი მოცულობის სამუშაოს დაგეგმვა და შესრულება, როგორც ქმედითი და თანამედროვე სტრატეგიული დოკუმენტების შექმნის, ასევე კიბერშესაძლებლობების სამხედრო ოპერაციებთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.
საქართველო სრულად იზიარებს ნატოს პოზიციას, რომ საიმედო ერთობლივი კიბერუსაფრთხოების საწყისი სწორედ საკუთარი ქვეყნის კიბერთავდაცვაა. უკანასკნელ წლებში რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე კონფლიქტების ანალიზმა ცხადყო, რომ კიბერშესაძლებლობების განვითარების პროცესში საქართველოს რამოდენიმე გამოწვევის გათვალისწინება მოუწევს.
პირველი, როგორ უნდა მოხდეს კიბერშესაძლებლობების ინტეგრირება სხვა სამხედრო ოპერაციებთან? ეს სფერო ჯერ-ჯერობით შეუსწავლელი რჩება. კიბერუსაფრთხოება ხშირად განიხილება, როგორც დამოუკიდებელი თემა. უპირველესი გამოწვევა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, არის კიბერუსაფრთხოების ინტეგრირება უფრო ფართო სტრატეგიულ და ოპერაციულ ჭრილში, როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის მიმართულებით. სამწუხაროდ, იგივე ნატოს ოფიციალურ პირთა შეფასებით, ამგვარი სტრატეგიული ინტეგრაციის საუკეთესო მაგალითი რუსეთის ქმედებებია უკრაინის კრიზისისას. მისი მიდგომა ითვალისწინებს ჩვეულებრივ სამხედრო ძალებთან ერთად საინფორმაციო ოპერაციების, პროვოკაციების, კიბერ და ეკონომიური ქმედებების განხორციელებას. რუსული ჰიბრიდული ომის ტაქტიკა გულისხმობს ენერგიის, როგორც იარაღის, ეკონომიური ზეწოლის, კორუფციის, შანტაჟის, სადაზვერვო ოპერაციების გამოყენებას ბირთვული ომის ზღვარზე ბალანსირებასთან კომბინაციაში და მოიცავს სპეციალური ძალების, არარეგულარული “პარტიზანული” ფორმირებების და რეგულარული შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის გამოყენებას. კიბერელემენტს, როგორც ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, აღნიშნულ ტაქტიკაში ერთ ერთი საკვანძო ადგილი უჭირავს და სულ უფრო მეტი ამოცანის გადასაჭრელად გამოიყენება. ამ გამოწვევის განხილვისას გარკვეულ იმედს იძლევა ბოლო დროს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო წვრთნებში კიბერელემენტის მუდმივი ჩართულობა და საერთაშორისო კიბერსავარჯიშოებში ქართული უწყებების მონაწილეობა, თუმცა ძირითადი სამუშაო ამ მხრივ ჯერ კიდევ გასაწევია და თავად გამოწვევაც, საერთო შეფასებით ინტელექტუალური უფროა, ვიდრე ტექნიკური.
მეორე გამოწვევას კიბერთავდასხმის იმ ზღვარის განსაზღვრა წარმოადგენს, რომლის გადალახვაც პასუხის აუცილებლობას იწვევს. აღნიშნული პრობლემა ნატოს წევრი ქვეყნებისათვის და ალიანსისთვისაც აქტუალურია. უელსის სამიტამდე ალიანსმა განაახლა კიბერთავდაცვის პოლიტიკა, იმ მიზნით, რომ მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ყოფილიყო წევრ ქვეყნებზე განხორციელებული „ციფრული შეტევა“ და მისგან ერთობლივი თავდაცვა. ეს თავისთავად ძალიან სერიოზული განაცხადია და კიბერსივრცის დაცვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, მაგრამ პრეცენდენტის არარსებობის გამო უპასუხოდ რჩება კითხვა: რა შემთხვევა განაპირობებს მეხუთე მუხლის ამოქმედებას? როდის ჩაითვლება ერთი ქვეყნის მიმართ განხორციელებული კიბერშეტევა ყველა წევრი ქვეყნის მიმართ განხორციელებულ კიბერშეტევად? წევრ ქვეყნებს და გარკვეულწილად პარტნიორებსაც უნდა გააჩნდეთ რწმენა იმისა, რომ ალიანსი გამოიყენებს თავის ნებას და შესაძლებლობებს, უზრუნველყოს შესაბამისი რეაქცია იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება კიბერშეტევა ნებისმიერ მათგანზე. დიდი ალბათობით, კიბერშეტევა, რომელიც გამოიწვევს მეხუთე მუხლის გამოყენებას, უნდა ითვალისწინებდეს მასობრივ კატასტროფასა და ფიზიკურ ზარალს, თუმცა გადაწყვეტილება კოლექტიური პასუხის შესახებ ყოველთვის პოლიტიკური ხასიათის იქნება, ისევე როგორც ფიზიკური შეტევის შემთხვევაში და იგი მიღებულ იქნება ყოველი კონკრეტული შეთხვევის კონტექსტში. მეორეს მხრივ, სახიფათო იქნებოდა პოლიტიკაში მკაფიოდ დაფიქსირებულიყო ზუსტი ზღვარი კოლექტიური თავდაცვის ამოქმედებისა. ცხადია, არ იქნება მიზანშეწონილი განისაზღვროს თუ რა არის მისაღები და რა არა, რადგან მოწინააღმდეგე გამიზნულად იმოქმედებს ღია ომის საზღვრებს მიღმა, რათა თავიდან აიცილოს ნატოს ერთიანი საპასუხო ქმედებები. მართალია, საქართველო არ არის ალიანსის წევრი და კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის ამოქმედება ჩვენს შემთხვევაში არარეალურია, თუმცა, მნიშვნელოვანია, არსებობდეს მკაფიო განცდა იმისა, თუ რა ფორმით და რა საშუალებებით უნდა გასცეს ქვეყანამ პასუხი კიბერთავდასხმას.
და ბოლოს, სერიოზულ გამოწვევად რჩება კოლოსალური განსხვავება საქართველოსა და ნატოს კიბერშესაძლებლობების (თავდაცვა, შეტევა და დაზვერვა) განვითარების კუთხით. დისკუსიები და პრაქტიკული სამუშაოები არასდროს იქნება საკმარისი, თუ არ იარსებებს რეალური შესაძლებლობები. ნატოს ოფიციალურ პირთა შეფასებით, ამ ეტაპისათვის ალიანსის უახლოეს მოკავშირეებს შორისაც კი არსებობს გარკვეული ეჭვები, თუ რამდენად გამოიყენებენ განვითარებული წევრი ქვეყნები თავიანთი დაზვერვისა და შეტევით შესაძლებლობებს სხვა წევრი ქვეყნების დასახმარებლად, თუმცა დადებითად შესაფასებელია ის ფაქტი, რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ინფორმაციის გაცვლა, ორმხრივი თანამშრომლობა თავად ნატოსთან თუ მის წევრებთან უფრო და უფრო ღრმავდება და საქართველო ამ მხრივ მრავალ პროექტსა თუ მიმდინარე წვრთნებშია ჩართული. აღნიშნულის მაგალითად თუნდაც სულ ახლახან, 2015 წლის აპრილის თვეში ნატოს ეგიდით ჩატარებულ ყოველწლიურ კიბერწვრთნებში “Locked Shields 2015” საქართველოს დაშვებაც გამოდგება. მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს სრულყოფილად შეასრულოს სანდო პარტნიორის როლი კიბერსივრცეში, ეფექტური კიბერშესაძლებლობების გარეშე კი 21-ე საუკუნეში უსაფრთხოების სფეროში საიმედო მოთამაშის პოზიციის შენარჩუნება წარმოუდგენელია.
ანდრო გოცირიძე
წყარო: http://georgianreview.ge/2015/06/konfliktebis-kiberaspektebi/?lang=ge