მაშველებმა ბელორუსი ალპინისტი მწვერვალიდან ჩამოიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა უშბიდან ბელორუსი ალპინისტის ჩამოყვანის ღონისძიება წარმატებით დაასრულეს. მაშველებმა ალპინისტი მესტიაში გადაიყვანეს. ის თავს კარგად გრძნობს. ალპინისტი, რომელიც გუშინ დაიღუპა, მესტიის საავადმყოფოშია გადასვენებული. აღნიშნულ ადგილას სამაშველო სამუშაოები ადგილობრივი და თბილისიდან ჩასული მაშველების მონაწილეობით დილიდან განახლდა. ბელორუსი მთასვლელები მწვერვალის სამხრეთ – დასავლეთ კედლის ისეთ მონაკვეთზე იმყოფებოდნენ, სადაც ვერტმფრენი ვერ ახერხებდა მისვლას, თუმცა საბოლოოდ მაინც შეძლეს მიახლოება და მათი გადმოყვანა. „მეორე დღეა მიმდინარეობდა სამაშველო ღონისძიება უშბაზე. დღეს დილით მესტიაში მაშველებმა გარდაცვლილი ბელორუსი მამაკაცის ცხედარი ჩამოასვენეს. ასევე წარმატებით დასრულდა ღონისძიება, სადაც ციცაბო კლდეზე მეორე ბელორუსი ალპინისტი იმყოფებოდა. ძალიან რთულ პირობებში მაშველებმა პროფესიონალიზმი გამოავლინეს და ციცაბო კლდიდან ბელორუსი ალპინისტის ჩამოყვანა შეძლეს“,-განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზვიად ქაწაშვილმა.