განათლების სამინისტრო ეთნიკური უმცირესობებისთვის პროექტებს ახორციელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეთნიკური უმცირესობებისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს.
პროექტებს შორისაა “საზაფხულო სკოლების” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეპროგრმა: “მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა ეთნიკური უმცირესობებისათვის” ხორციელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მეორე წელია მოქმედებს და მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ჩართვა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
“საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ამავე დროს, ეთნიკურ უმცირესობებში დგას სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა, რაც ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია საზოგადოებაში მათი სრული ინტეგრაციისათვის. შესაბამისად, დგება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის ქართული ენის სწავლებისა და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების გატარების საჭიროება. ამიტომ აღნიშნული ქვეპროგრამა კულტურათაშორის დიალოგისა და ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლა/სწავლების ხელშეწყობას ემსახურება.
“მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა ეთნიკური უმცირესობებისთვის” მონაწილეები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის – “ჩემი კულტურა და ტრადიცია” საფუძველზე შერჩეული 2014-2015 აკადემიური წლის მდგომარეობით საქართველოს რეგიონების (კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე- ჯავახეთი) არაქართულენოვანი სკოლების/ სექტორების მე-9, მე-10 და მე-11 კლასების საუკეთესო შედეგების მქონე 50 მოსწავლე და “ჩემი კულტურა და ტრადიცია” კონკურსში მონაწილე მოსწავლეების 50 მასწავლებელი”, – აცხადებენ სამინისტროში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ბაკურიანში მასწავლებელთა საზაფხულო სკოლას ეწვივნენ, სადაც კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე -ჯავახეთის არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 50 მასწავლებელი 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
მინისტრი პედაგოგთა მხრიდან პროექტის შეფასებებს და მათ შთაბეჭდილებებს გაეცნო.
ასევე შეხვედრაზე, ადგილებზე არსებულ პრობლემებსა და იმ მიღწევებს შეეხო საუბარი, რაც ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით არაქართულენოვან სკოლებში არსებობს.
“პედაგოგებთან შეხვედრის მთავარი ლაიტმოტივი იყო ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია და რომ ყველა მათგანს, მიუხედავად რელიგიური აღმსარებლობისა და წარმოშობისა, სრულყოფილი განათლებისა და თვითრეალიზების საშუალება აქვს და რომ, ადამიანები რელიგიური, ან ეთნიკური ნიშნით კი არ ფასდებინ, არამედ – ნიჭით, შრომისადმი სიყვარულით და პატრიოტიზმით”, – აცხადებენ სამინისტროში.