„უსაფრთხოების სამსახურმა „ოდეერები“ უნდა გაანთავისუფლოს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ძალოვან უწყებებში რეფორმების შესახებ ისაუბრა.
დეპუტატის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების ერთმანეთისგან გამიჯვნა გამჭვირვალობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, რომელსაც, კორძაიას თქმით, „ოდეერების“ გათავისუფლება უნდა მოჰყვეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის ერთმანეთისგან გამიჯვნით ძალოვანი სისტემების რეფორმა დაიწყო. მთავარია, რომ საკანონმდებლო საფუძველი არსებობს იმისა, რეალურად დამოუკიდებელი და დეპოლიტიზებული უსაფრთხოების სამსახური არსებობდეს. ბევრი რამ უკვე ამ სამსახურის უფროსზე, ვახტანგ გომელაურზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, გამჭვირვალობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ უსაფრთხოების სამსახურმა „ოდეერების“ განთავისუფლების შესახებ განაცხადოს. ეს რეფორმის მხოლოდ ერთი ნაწილია. საქართველოს პარლამენტი პროკურატურის შესახებ კანონს იხილავს, სადაც პროკურორიც პოლიტიკურად ნეიტრალური და ანგარიშვალდებული უნდა გახდეს.
წარდგენილი ინიციატივა მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში მაქსიმალურ მონაწილეობას გულისხმობს, თუმცა აღნიშნული კანონპროექტი გასაძლიერებულია იმ თვალსაზრისით, რომ ამ პროცესში აღმასრულებელი მთავრობის მონაწილეობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ასევე ძალიან მკაფიო დებულებები უნდა ჩაიწეროს მთავარი პროკურორის ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით. ამ რეფორმებმა ძალოვანი სტრუქტურების მიერ ქვეყნის მართვის დასასრულს უნდა დაუდოს საფუძველი, იმას, რასაც წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდა ადგილი.
პროკურატურის შესახებ კანონის დღევანდელი ვარიანტით იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოში, მთავარი პროკურორის სამ კანდიდატს წარადგენს, თუმცა საპროკურორო საბჭოს შეუძლია უარი თქვას ამ კანდიდატზე. შეუძლია პარლამენტმა თქვას უარი. ახალი კანონით მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესი ბევრად გამჭვირვალე ხდება. კანონით მას წაყენებული ექნება შემდგომი მოთხოვნები. მას 10- წლიანი სამუშაო გამოცდილება და შესაბამისი პროფესია  უნდა ჰქონდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში ეს კანონი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ გვყავდეს პროფესიონალი, საზოგადოების და პარლამენტის  წინაშე ანგარიშვალდებული მთავარი პროკურორი, მაგრამ კანონი გამჭვირვალობის დამატებითი სტანდარტების მიზნით დახვეწას საჭიროებს“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები