რძის რეგლამენტი ფასების მატების მიზეზი ვერ გახდება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესახებ“ გათვალისწინებული სურსათის ეტიკეტზე დასახელება – რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვა – გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე.
სოფლის მეურნეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, არსებული დადგენილება ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტებს ამკვიდრებს და მომხმარებლის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.
დადგენილებით გათვალისწინებული რეგულაციების დანერგვა აღნიშნულ ნაწარმზე ფასების მატების მიზეზი ვერ გახდება.
2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
მთავრობის აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი, მაგალითად: „კარაქისებრი“ ან „კარაქის მსგავსი“, „არაჟნისებრი“ ან „არაჟნის მსგავსი“. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნეოპერატორი დაჯარიმდება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიკრძალება.
რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენება სიტყვა „მსგავს“-თან ან/და ბოლოსართ „ებრ“-თან ერთად, მაგალითდ: „რძისებრი“ ან „რძის მსგავსი“, „არაჟნისებრი“ ან „არაჟნის მსგავსი“ 2016 წლის პირველ აგვისტომდეა დასაშვები. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რძის შემცვლელ პროდუქტზე რძის ნაწარმის აღმნიშვნელი ტერმინების (არაჟანი, კარაქი, რძე…) გამოყენება აიკრძალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები