საკრებულოში ოთხი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ, საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა-ლევან თევზაიამ, დეპუტატებს ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ პროექტი წარუდგინა.
მისი განცხადებით, 2015 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი – 46 მილიონი 654 ათასი ლარით გაზრდას საჭიროებს, რის ერთ-ერთ ძირითად მიზეზადაც, ლევან თევზაიამ, თბილისში 13-14 ივნისს სტიქიის შედაგად დატრიალებული ტრაგედიის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა დაასახელა.
მისივე თქმით, ბიუჯეტის ცვლილებები, ასევე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ისა და უეფას სუპერთასის ხელშეწყობის, რეკლამირებისა და ორგანიზების მიზეზების გათვალისწინებით იყო განპირობებული.
როგორც საფინანსო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანა, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, აგრეთვე, ქალაქის მასშტაბით ავარიული შენობების გამაგრებით, მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხების მობილიზებით, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზოოლოგიური პარკის მოწყობითა და სპორტული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის აუცილებლობითაა გამოწვეული.
ოთხი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა, ასევე ჩუღურეთის რაიონში, წანამძღვრიშვილისა და უზნაძის ქუჩებზე, საცხოვრებელ სახლებში ჩასატარებელი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
სხდომაზე განხილული საკითხები, რომელსაც დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის წარმომადგენელები ესწრებოდნენ, ხმათა უმრავლესობით, ბიუროსა და საკრებულოს სხდომაზე იქნება წარდგენილი დასამტკიცებლად.