სიღნაღის მოსახლეობა გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ქალაქ სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 1,342,388 ლარია.
სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან – ჯუანშერ ბურჭულაძესთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელთან ნიკოლოზ ქიზიყურაშვილთან ერთად, დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.
პროექტის განხორციელების შედეგად სიღნაღის მოსახლეობა, კერძოდ, 900-ზე მეტი ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ამჟამად სიღნაღის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, კერძოდ, 600 ოჯახს წყალი დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათის განმავლობაში მიეწოდება, 300 ოჯახს კი, 24 საათიდან მხოლოდ 8 საათი.
პროექტის განხორციელების შედეგად, ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და შემცირდება წყლის დანაკარგი. პროექტის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებული ქსელის რეაბილიტაცია. ასევე, მოხდება 3 ახალი ჭაბურღილის მოწყობა და რეზერვუარის მშენებლობა.
გარდა ამისა, ყველა ოჯახში დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველი. სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები