სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლების პროგრამას გარემოსდაცვითი კომპონენტი დაემატება
სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლების პროგრამას გარემოსდაცვითი კომპონენტი დაემატება – ამ საკითხზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სასტუმრო ”ტიფლის პალასში” იმსჯელეს.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, სკოლამდელი ბავშვების სასწავლო პროგრამას ნარჩენების მართვის, ენერგოეფექტურობის და წყლის რესურსების მართვის საკითხები დაემატება.
შესაბამისი მასალის გავლის შემდეგ ბავშვებს ნარჩენების მართვის პრინციპები და ენერგიისა და წყლის დაზოგვის მეთოდები ეცოდინებათ. საბავშვო ბაღებში გარემოსდაცვითი განათლების კომპონენტების გაძლიერების მიზანია, სკოლამდელ ბავშვებში გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა. შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.