გიორგი მღებრიშვილი: ქალთა გრძელვადიანი პაემნების შესახებ რეფორმას ახალი მინისტრი განახორციელებს
ქალთა გრძელვადიანი პაემნების შესახებ რეფორმას შეპირებული ვიყავი მათ, მაგრამ ვერ მოვასწარი – დაწყებულს ახალი მინისტრი გააგრძელებს, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების ყოფილმა და აწ უკვე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მღებრიშვილმა დღეს ახალ მინისტრთან, კახა კახიშვილთან საერთო ბრიფინგი სასჯელაღსრულების სამინისტროში გამართა. მან კახიშვილს წარმატება და დაწყებული რეფორმების ღირსეულად გატარება უსურვა.
დღესვე გიორგი მღებრიშვილმა კახა კახიშვილს სასჯელაღსრულების უწყება გადააბარა.
“რაც შეეხება ქალთა შეზღუდვას, ქალთა გრძელვადიან პაემნებს შეპირებული ვიყავი და ვერ მოვასწარი. აქედან ბოდიშს ვუხდი მათ, მაგრამ ასევე ბატონი კახა გააგრძელებს და გააკეთებს ამ საქმეს. წამოწყებული გვქონდა 18 დან 21 -მდე მსჯავრდებულთა დაწესებულების მშენებლობები. უნდა დაგვეწყო წელს და იმედია, რომ პროექტიც მოესწრება და წელს დაიწყება ამ დაწესებულების მშენებლობა. მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში და დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის. მართლაც რომ რევოლუციური ცვლილებები მოხდა ამ სისტემაში, მართლაც, რომ ევროპული სტანდარტი დავგეგმეთ ამ სამინისტროში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შედეგებს სულ მალე საზოგადოებაც და ის მსჯავრდებულებიც იგრძნობენ, რომლებიც ყოველდღე ელოდებიან თავისუფლებას. მათ შეუმსუბუქდებათ იქ ყოფნა. ისინი, ვინც ღირსეულად იხდიან სასჯელს, ისინი, ვინც მუდმივად წესრიგს არღვევენ, იმათთვის კი გაიხსნება ნომერ მე-6 დაწესებულება, რომელიც ასევე დავიწყეთ, ბოლოში გავედით და ისღა დარჩა, რომ უნდა გაიხსნას“,- განაცხადა მღებრიშვილმა.