პრეზიდენტის ვეტო და შეფასებები – რას ფიქრობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას გულისხმობს, ვეტო დაადო.
საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენას გულისხმობს.
პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ არგუმენტები, თუ რატომ უნდა შეიცვალოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტი – ეროვნული ბანკი, ნაკლებად ისმის.
„ამ პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა ამ კანონპროექტის განხილვის ირგვლივ, ჩვენ ძალიან აქტიურნი ვიყავით და საზოგადოებას ღიად ვუზიარებდით ჩვენს პოზიციას. ჩვენი კრიტიკის საგანი იყო როგორც პროცესის ნაჩქარეობა, ასევე დეტალები, რომელიც იყო დაკავშირებული კონსულტაციებთან და ასევე, შინაარსი არსებული კანონპროექტისა.
პირველ რიგში, ჩვენს ყურადღებას და კრიტიკას იწვევდა ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საკონსტიტუციო ინსტიტუტზე, ეროვნულ ბანკზე, ინსტიტუტზე, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილი აცხადებს, რომ ვეტო არ არის არც პოლიტიკური დაპირისპირების, არც კონფრონტაციის ინსტიტუტი. პრეზიდენტის თქმით, ვეტო არის კონსტიტუციური მექანიზმი იმისთვის, რომ სწორედ ასეთ შემთხვევებში შეიძლება უფრო ეფექტური კანონმდებლობა მივიღოთ, ხელი შევუწყოთ ქვეყნის გაძლიერებას და განვითარებას.
„აი ამ კონტექსტში ითანამშრომლოს პარლამენტმა, პრეზიდენტმა და მთავრობამ და ერთად ქვეყანას უკეთესი გადაწყვეტილებები მისცეს“,- განაცხადა პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ ხალხის რჩეული დეპუტატები შინაარსობრივად ჩაუღრმავდებიან ამ საკითხს.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ვეტოსა და ალტერნატიული კანონპროექტის მიღებით, ისინი უკეთესს, უფრო სწორ და გაწონასწორებულ კანონმდებლობას მისცემენ ქვეყანას.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების წარმომადგენლების მხირდან. “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი თამაზ მეჭიაური „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ “გიორგი მარგველაშვილს ლიდერობის შენარჩუნება სურს, ვიდრე სააკაშვილი ჩამოვა“. მეტიც, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილს საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნა სურს.
„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეახსენა თავი საზოგადოებას და გვამცნო, რომ „პრეზიდენტი ვარო“. პრეზიდენტი ცდილობს, თავისი ადგილი მოიპოვოს თავის სივრცეში, ვერ იპოვა თავისი ადგილი. პრეზიდენტი სულს ჰგავს, რომ დადიან და ადგილს ვერ პოულობენ. ის დაახლოებით ამ სიტუაციაშია. აქ ადგილი აღარ აქვს, თვითონვე გაემიჯნა იმ გუნდს, ვინც მოიყვანა. აქედან გამომდინარე, მას ამომრჩეველიც აღარ ჰყავს, იმ ერთი კაცის გარდა, ვინც ჰყავდა. ახლა უნდა ოპოზიციის ლიდერი ითამაშოს, მაგრამ მას არც ქარიზმა აქვს მაგისი და არც ადგილია მისი იქ. გიორგი მარგველაშვილს ლიდერობის შენარჩუნება სურს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა. პრეზიდენტს უნდა მიხეილ სააკაშვილს ჩაენაცვლოს, მაგრამ „ნაციონალები“ მაგას გამოიყენებენ და ლიდერობას მაინც არ მისცემენ“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა „კვირასთან“ საუბრისას.
მეჭიაურის განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
„გიორგი მარგველაშვილი ნერვებს უშლის ხალხს. სურს, რომ დესტაბილიზაცია და ნიჰილიზმი შეიტანოს მოსახლეობაში. ააგოროს უკმაყოფილების ტალღა. იმედი აქვს, რომ ხალხი აჰყვება და გამოიწვევს დესტაბილიზაციას. ეს ყველაფერი ჩემი პირადი აზრია და ვამბობ, რომ პრეზიდენტს სურს, საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამას ცდილობენ, მაგრამ ვერ აიყოლებენ ვერც ბანკებს, ვერც მოსახლეობას, იმიტომ რომ მათ არანაირი ავტორიტეტი არ აქვთ.
ახლა პრეზიდენტსაც გაუჩნდა დიდი ამბიცია, რომ მართლაც პრეზიდენტია. თუ ღირსება გააჩნია, უნდა დაეტოვებინა სხვის მიერ ნაბოძები ადგილი.
არავის ეგ არ აურჩევია, თუ უნდა გახდეს პოლიტიკური ლიდერი, გადადგეს, იყაროს მომავალ არჩევნებზე კენჭი იმ გუნდთან ერთად, რომლის წიაღშიც უკეთესად გრძნობს თავს, თუ, რა თქმა უნდა, მიიღებენ ისინი, – მხედველობაში მაქვს „ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან ან ის არასამთავრეობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიციიდან გამოსულმა ზონდერბრიგადების წევრებმა შექმნეს, რომელთა უკანაც მოსახლეობის 1 პროცენტიც კი არ არის. ხელისუფლებამ მათთან ენით მოჩლექვით საუბარს თავი უნდა დაანებოს და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
პრეზიდენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე დადებულ ვეტოს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე. უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვეტოს დადების ფაქტი „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგია. მისივე თქმით, პარლამენტს გააჩნია იმის რესურსი, რომ ვეტო დაძლიოს.
„მხარი უნდა დავუჭიროთ იმ კანონს, რომელიც უკვე მიიღო პარლამენტმა. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ დავძლიოთ ეს ვეტო. მიგვაჩნია, რომ ეს არის გარკვეული პოლიტიკური ძალის, ამ შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი. სწორედ ისინი ფიქრობდნენ გარკვეული ალტერნატივების შემოტანას. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი აისახა პრეზიდენტის შენიშვნებში და ვეტოში. ვწუხვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და პრეზიდენტის პოზიციების აი ასეთი თანხვედრა არის ხოლმე ძალიან ხშირად“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდშიც. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს სავალუტო ფონდთან შეხვედრა ჰქონდა და სავალუტო ფონდის მიერ გამოთქმული ბოლო რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტში თითქმის მთლიანად არის გათვალისწინებული.
„სავალუტო ფონდთან გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ბოლო რეკომენდაციები, რაც იყო სავალუტო ფონდიდან გამოთქმული, შენიშვნები თითქმის მთლიანად არის გათვალისწინებული, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება გამოიყენოს ვეტო, არ მგონია, ეს გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში სწორი იყოს “, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეფასებით კი პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილება იმის მცდელობაა, რომ პროცესები გაჯანჯლდეს.
„რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მისი მხრიდან კიდევ ერთი სამწუხარო მცდელობა იმისთვის, რომ პროცესები გაჯანჯლდეს“, – განაცხადა ხადურმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრაქტიკულად ყველა შენიშვნა, რომელიც ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდათ ამ კანონპროექტის მიმართ, არის გათვალისწინებული, რასაც, მისივე თქმით, ადასტურებს უამრავი სპეციალისტი, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, მათ შორის ბანკები და საბანკო ასოციაცია.
“კვირასთან “ პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას აფასებენ ექსპერტები. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში რომან გოცირიძე პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლებისს გამოყენებას დადებითად აფასებს. გოცირიძე კანონპროექტზე ვეტოს დადების რამდენიმე საფუძველზე საუბრობს.
“პრეზიდენტის მიერ საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონზე ვეტოს დადება ყოველმხრივ გამართლებულია. საუბარი იმის შესახებ, რომ რა აზრი აქვს ასეთ ქმედებას, მაშინ როცა პარლამენტი მაინც დაძლევს მას და ჯობია შევეგუოთ ამ ფაქტს და დროზე დავიწყოთ ამ უწყების ეროვნული ბანკის დაქვემდებარებიდან გამოყვანაო, არის წმინდა წყლის დემაგოგია.
ვეტოს დადებას აქვს რამდენიმე საფუძველი. ჯერ ერთი, ახალი კანონი არის პოლიტიკურად მოტივირებული და პრეზიდენტის მიერ ამის მხილებას აქვს როგორც საშინაო, ასევე საგარეო დატვირთვა. მეორეც, თავისთავად არის საფრთხის შემცველი, რადგან იმ სამართლებრივ ბაზაზე, რომელზეც იგი შეიქმნა, ნაკლებ დაცულია რისკებისაგან. მას ვერ ექნება ისეთი დაცულობა, როგორიც ეროვნული ბანკის, როგორც კონსტიტუციით განსაზღვრული ორგანოს შემადგენლობაში ჰქონდა, მესამეც, ამ კანონს არ აქვს მხარდაჭერა არცერთ დონეზე და ასევე არ აქვს გარანტირებული მხარდაჭერა პარლამენტში. საკმარისია რამდენიმე დეპუტატმა შეიცვალოს აზრი და ვეტოს დაძლევა შეუძლებელი იქნება. სწორედ ამიტომ არსებობს ვეტოს მექანიზმი, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრების საშუალება მიეცეთ კანონმდებლებს. რეალურად ამ საკითხს პარლამენტი ორი თვის შემდეგ დაუბრუნდება. ეს საკმარისი დროა ზოგისთვის გასააზრებლად, ზოგისთვის სინდისის ქენჯნის გრძნობის გასაჩენად“, – აცხადებს გოცირიძე.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტო არის კომპრომისის ძიება და თანამშრომლობის შეთავაზება.
“იმ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა და რომლის მთავარი შინაარსი არის მისი ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენა, ეს კანონი შეიძლება მიღებული იქნას. ეჭვი მეპარება, რომ ეს მოხდეს, ვინაიდან ამით ვერ მიიღწევა ამ იდეის ავტორთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი -აკონტროლონ კომერციული ბანკები და მისი კლიენტურა. გასათვალისწინებელია უმრავლესობის ხისტი და აკვიატებული მიდგომა: “არ გაახარონ პრეზიდენტი”, არ გამოიყვანონ გამარჯვებულად, თუნდაც ეს გამარჯვება სასიკეთო იყოს ქვეყნისათვის“, – აცხადებს “კვირასთან“ რომან გოცირიძე.
რომან გოცირიძისგან განსხვავებით, პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს გამოყენების ფაქტს არ მიესალმება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, თუმცა პოლიტოლოგი აცხადებს, რომ პრეზიდენტს ამის კონსტიტუციური უფლება აქვს. ამასთან, პოლიტოლოგი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების დრამატიზება არ შეიძლება. ძაბირაძე პოლიტიკოსებს ურჩევს, მწვავე განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.
“ზოგადად, პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება იმისა, რომ ვეტო გამოიყენოს. მეც არ ვეთანხმები ამ კანონპროექტზე ვეტოს დადების გადაწყვეტილებას, მგონია, რომ მსგავსი კანონის მიღება აუცილებელია. თუმცა არის მეორე მხარეც, პრეზიდენტმა იცის, რომ არსებობს უმრავლესობა და მის ვეტოს უმრავლესობა ძალიან მარტივად დაძლევს. ჩნდება კითხვა, რატომ გამოყენა პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადების უფლება? ერთი მხრივ, პრეზიდენტმა იცის, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების ნაწილი ამ კანონპროექტით მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ არის და შესაბამისად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას, რომელიც დასავლეთისთვის, ფინანსური წრეებისათვის არის მისაღები, შესაძლოა, ამით პოლიტიკურ წრეებში იწერს ქულებს. ზოგადად, ვეტოს გამოყენება შესაძლოა, კარგიც იყოს, თუ ხელისუფლებას შეუძლია რთული პოლიტიკური თამაში, ეს დემოკრატიულობის ნიშანია. მაგრამ აჟიოტაჟის ატეხვა და ამის დრამატიზება არ შეიძლება. პოლიტიკოსების მხრიდან ზომიერი განცხადებები უნდა გაკეთდეს“, – განუცხადა “კვირას“ ვახტანგ ძაბირაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს ეროვნული ბანკის კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უკვე გადაუგზავნა. შენიშვნები პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგევრდზე უკვე გამოქვეყნდა. საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეროვნული ბანკის კანონზე ორნაწილიანი და მოცულობითია.
პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით არც მმართველი გუნდი და არც “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფორმატში შეკრებას და ამ მიზნით პრეზიდენტისთვის მიმართვას არ აპირებენ. “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებებსა და პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობა საშემოდგომო სესიაზე გაიმართება.