სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას პაციენტის მეუღლე თავს დაესხა
გამოძახებაზე გასულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ნასვამმა მამაკაცმა საქარე მინა ჩაუმტვრია. როგორც “კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 22 წლის ორსულ გოგონას მუცლის ტკივილი ჰქონდა და მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო, თუმცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მისმა მეუღლემ ეს არ მოისურვა, მას მეუღლის გადაყვანა კლინიკაში თავად სურდა.
მათივე ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ექიმებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სამარტალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს. გამოძიება დაადგენს, თუ რა ზარალი მიადგა სასწრაფო დახმარების მანქანას თავდასხმის შედეგად.
“სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა გადაწყვიტეს, ორსული კლინიკაში გადაეყვანათ. როდესაც მის გადაყვანას ცდილობდნენ, სახლში მისი მეუღლე ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა, რომელმაც მოისურვა, რომ ორსული თავად გადაეყვანა კლინიკაში. სასწრაფოს ექიმებმა აუხსნეს, რომ ისინი თავად უზრუნველყოფდნენ გოგონას ტრანსპორტირებას, რასაც მოჰყვა შელაპარაკება და ნასვამმა მამაკაცმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანის საქარე მინა ჩაამტვრია”, – აცხადებენ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში.