„ევროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტი და დაპირისპირება სახელისუფლებო შტოებს შორის

პარლამენტი კიდევ ერთი ვეტოს დაძლევას შეეცდება. საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის  ფუნქციის გამოყოფას გულისხმობს, სახელისუფლებო შტოებს  შორის  კიდევ ერთი უთანხმოების მიზეზი  გახდა.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ  წარმოდგენილ ცვლილებებს  ნეგატიურად აფასებს. გიორგი მარგველაშვილი კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნული კანონპროექტის მხარდაჭერას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დარღვევად მიიჩნევენ. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვეტოს დადების შემთხვევაში, პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების სახით, ჩამოყალიბებული კანონპროექტი წარედგინება. qadagidze-giorgi

პრეზიდენტის მიერ  კანონპროექტზე  ვეტოს დადებას მიესალმება საქართველოს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა არაკონსტიტუციურია და არღვევს ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგს. მისივე თქმით, კანონპროექტის ავტორებმა არ გაითვალისწინეს არც ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა და, ამასთანავე, კანონპროექტი შეიცავს საკმაოდ ბევრ ორაზროვან პუნქტს, რაც მომავალში მრავალ პრობლემას შექმნის.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ალტერნატიული წინადადება არასამთავრობო ორგანიზაციებს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გააცნო. ალტერნატიული წინადადება საზედამხედველო სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დატოვებას ითვალისწინებს. mrcheveli

“მე პრეზიდენტის დავალებით ვაწარმოებდი პროცესს, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ ზედამხდველობის კანონთან დაკავშირებით შენიშვნები, ერთი მხრივ, გავაცანით საერთაშორისო ორგანიზაციებს და მივიღეთ შესაბამისი რეკომენდაციები, მეორე მხრივ, დღეს გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან და ვფიქრობ, ძალიან ღირებული მოსაზრებები გამოითქვა. მნიშვნელოვანი რაც არის, ისაა, რომ მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა, წარედგინოს პარლამენტს, ვეტოს შემთხვევაში სრულად ასახავს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, სრულად არის თანხვედრაში ასოცირების დღის წესრიგთან, სადაც საუბარია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე, მათ შორის საბანკო ზედამხედველობის გაძლიერებაზე და სრულად ასახავს ევროპის ცენტრალური ბანკის პოზიციებს, ასევე სრულად ასახავს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციებს, სადაც საუბარია, რომ საბანკო ზედამხედველობა უნდა დარჩეს ეროვნული ბანკის შემადგენლობაში”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის აზრით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნება, თუ პრეზიდენტი აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს უფლებას განიხილავს.

gigauri

“რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იქნება, თუ პრეზიდენტი ვეტოს დადების უფლებას განიხილავს. ეს მიზანშეწონილი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური და, ზოგადად, საბანკო სექტორი უნდა იყოს დამოუკიდებელი. როდესაც საუბარია ბანკებზე ზედამხედველობაზე, ეს უნდა განახორციელოს დამოუკიდებელმა სამსახურმა. ამ კანონისთვის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი არ არის, შესაბამისად, საფრთხის ქვეშ დგება ზოგადად საბანკო სექტორის განვითარება. ასევე მგონია, რომ ყველაფერთან ერთად, ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენი ორგანიზაციის პოზიციაა, რომ ეს ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია და ძალიან კარგი იქნება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის საკითხი განიხილება”, – აცხადებს ეკა გიგაური.

გაითვალისწინებს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციების რჩევას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სარჩელიც მომზადდეს, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში   კონკრეტული პასუხის გაცემისაგან თავს იკავებენ.

საკითხზე პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეხედულებებს არ იზიარებენ სამთავრობო გუნდში.

“კატეგორიულად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ე.წ. ოპონენტებმა ხელოვნურად ატეხეს და სამწუხაროა, რომ მათ ამ ჟრიამულს პრეზიდენტიც შეუერთდა“,-აცხადებს  პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კანონში სრულად გათვალისწინებულია როგორც ევროკავშირის, ისე – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ყველა რეკომენდაცია. მთავრობის მეთაური ამბობს,რომ ის ამ ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტს პირადად ესაუბრა.

„მართლაც, ვერ ვხედავ ამ აჟიოტაჟის ვერავითარ საფუძველს. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, აგორებული კამპანია, რომელიც აზიანებს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო კლიმატს და ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის საკითხია. ამ ადამიანებს აბსოლუტურად არ ესმით, რა არის სახელმწიფო და მისი ინტერესები და არ აქვთ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრებათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ხელოვნურად ქმნის აჟიოტაჟს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.garibashvili (16)

პრემიერ-მინისტრმა მაგალითად დაასახელა პოლონეთის საბანკო სისტემა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს და აღნიშნა, რომ პოლონეთში, საბანკო ზედამხედველობის სააგენტო ცალკეა.

„მაქვს კითხვა ამ ადამიანების მიმართ, თუ პოლონეთის საბანკო სისტემა საუკეთესოა და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოა, მაშინ სად არის შეკითხვები?! ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური სპეკულაციები, რომ კიდევ ერთხელ დააზიანონ ბიზნესგარემო და დააფრთხონ ინვესტორები. ყველას მოვუწოდებ, დამშვიდდნენ და დაასრულონ აჟიოტაჟი. ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის და არა ის, რა კანონს მივიღებთ. ჩვენ კანონებს ვიღებთ ქვეყნისთვის და არაფერს გავაკეთებთ სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. პაულსენების გადმოსვლა საქართველოში და მათი ინვესტიცია არის პასუხი ყველა იმ სკეპტიკოსზე, კრიტიკოსსა და უპასუხისმგებლო ადამიანზე, რომელიც ასე უცერემონიოდ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ ვაზიანებთ ბიზნესგარემოს“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ვეტოს გამოყენების მიზეზს ვერ ხედავს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის  მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი. მისი განცხადებით, შეიძლება იყოს საკითხები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, შეიძლება გახდეს აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი, მაგრამ ძირითად ნაწილში, წარმოდგენილი რეკომენდაციების უმრავლესობა გათვალისწინებული იქნა.

„ეს არის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ორი თვის ძალიან გამჭვირვალე პროცესის მერე, რომელშიც ჩართული იყო ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, მე ვერ ვხედავ ამის გამოყენების მიზეზს. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს საკითხები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, შეიძლება გახდეს აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი, მაგრამ ძირითად ნაწილში, წარმოდგენილი რეკომენდაციების უმრავლესობა გათვალისწინებული იქნა. ამიტომ, მართალი გითხრათ, ჩემთვის ცოტა უცნაურია ამ სიტუაციაში პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მისი უფლებამოსილებაა“, – აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრი.

პარლამენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებები 80 ხმით 19-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება იმას, თუ როდის დაადებს პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს, გიორგი აბაშიშვილის თქმით, ეს თავად გიორგი მარგველაშვილის გადასაწყვეტია, თუმცა ეს შესაბამისი ვადის ამოწურვამდე, ანუ 1 აგვისტომდე მოხდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები