მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობა 2 წელში დასრულდება

დღეიდან მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობა დაიწყო. დედაქალაქში არსებულ 22 მეტროსადგურს 23-ეც დაემატება.
სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა გახსნეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, ვიცე მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილეები თორნიკე თორაძე და ტარიელ გუგავა, ასევე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და მეტროპოლიტენის ხელმძღვანელი პირები.
პროექტის ფარგლებში გაკეთდება ახალი მეტროსადგური, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ “უნივერსიტეტამდე”.
პროექტის განხორციელების ფარგლებში “დელისისა” და “ვაჟა-ფშაველას” მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება.
თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო.
დედაქალაქის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება “დელისის” სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა.
მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისთვის “ვაჟა-ფშაველას” სადგური გაიხსნა.
“ვაჟა-ფშაველას” და “უნივერსიტეტის” სადგურებს შორის გვირაბები გაყვანილია, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე დასრულებული არ არის.
ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური ერთობლივი საწარმო “ასიგნია კობრა” ახორციელებს.
მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო კომპანია “ევროსტუდიამ” მოამზადა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 000 670 ლარს შეადგენს.
მეტროს მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები