გიორგი გეგელაშვილი: სირცხვილია, ექიმების უწიგნოდ დატოვების წახალისება და ფარმაცევტული კომპანიების ამარა დატოვება
პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. ეს მიმართულება ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტად გამოცხადდა, საყოველთაო ჯანდაცვასა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებთან ერთად.
ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი გეგელაშვილი პირველადი ჯანდაცვის ხარვეზებზე საუბრობს.
ბატონო გიორგი, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირველადი რგოლი ჯანდაცვის სისტემაში?
პირველადი ჯანდაცვის რგოლი უმნიშვნელოვანესია. ეს არის პროაქტიული ინსტიტუტი, რომელიც ე.წ. „კარის მცველის“ ფუნქციას ასრულებს და ამცირებს სტაციონარულ ხარჯებს.
რა პრობლემებს ხედავთ ამ მხრივ დღეს ქვეყანაში?
დაფინანსება მცირეა. ხალხს ნდობა ნაკლები აქვს. არ არსებობს ქვეყანაში ინსტიქტი – რა დროს რა გააკეთონ, გარდა ოჯახის ექიმებისა. ჩავატაროთ ანონიმური გამოკითხვა ექიმებში მარტივი კითხვებით და მიხვდებით, რომ მდგომარეობა სავალალოა.
რომელიმე ქვეყნის მოდელის გათვალისწინებას ხომ არ ურჩევდით სამინისტროს რეფორმის დაგეგმვისას?
ბრიტანული„მომჭირნე“ მოდელი მომწონს და ხშირად ვიყენებ მათ ტექნოლოგიებს. ექიმისთვის ყველაფერი გაწერილი და დაღეჭილია. „გამომზეურებული“ ლიდერები ამ მხრივ არის ინგლისი, შოტლანდია, კანადა. „გამომზეურებულში“ ვგულისხმობ ტექნოლოგიების გლობალურ მისაწვდომობას.
რა წინადადებები გექნებათ სამინისტროს მიმართ რეფორმის კუთხით?
საბოლოოდ უნდა დაინერგოს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი. აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთი პირველი იყო, თუმცა, ჩვენი უნიათობის გამო, ჩვენვე „დავამხეთ“ ეს ინსტიტუტი. უნდა აღდგეს უწყვეტი სამედიცინო განათლება. უბრალოდ, სირცხვილია, ექიმების უწიგნოდ დატოვების წახალისება და ფარმაცევტული კომპანიების ამარა დატოვება. საყოველთაო გაუნათლებლობაა სამედიცინო სამყაროში. აჯობებს, დიპლომამდელი განათლება დროებით საერთოდ აიკრძალოს, ირანის მაგალითის მსგავსად. მე, პირადად,ვიდეოზ ეჩავწერდი ჩვენი ლექტორების ლექციას და დამოუკიდებელ, ფარულ ექსპერტებს დავაწერინებდი ნიშნებს. ზოგიერთ ლექტორს თითო წლით მაინც ჩამოვაშორებდი ლექციებს. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს ექთნების განათლებას. ექთნები არ გვყავს.
და ბოლოს, რა შემთხვევაში ჩათვლით თქვენ, რომ რეფორმა წარმატებით განხორციელდა?
როდესაც სერვისების უტილიზაციასთან ერთად, ხარისხი გაიზრდება.