ბიძინა ივანიშვილი: ხადური ჩემს დროს ვაიძულეთ და ახლაც მიჰყვება მაგას
ადგილობრივი თვითმმართველობის როლი აუცილებლად უნდა გამყარდეს და დაიხვეწოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რომ ეს რეფორმა მისი “პირმშოა”. ექაპრემიერის თქმით, უნდა გაძლიერდეს გამგებლების და მერების როლი. “ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი იქნება მექანიზმი, რომ ადგილებზე, რეგიონებში ხალხმა ისწავლოს მართვა, მიიღოს პოლიტიკური გამოცდილება, თუმცა დრო სჭირდება იმას, რომ გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, გამგებლის როლი, არჩეული მერის როლი და საზოგადოებამ მათთან თანამშომლობა გააცნობიეროს, რა თქმა უნდა, დეცენტრალიზაცია – რეგიონებს უნდა მიეცეთ იმდენი უფლებები, რამდენიც შეუძლიათ, არა ნაკლები… დაფინანსების მექანიზმი, რა თქმა უნდა, ფინანსთა მინისტრზე მკითხეთ – ხადურზე, შფოთავს, მას არ სურს, რომ ეს სისტემაც დაირღვეს, მაგრამ ჩემს დროს ვაიძულეთ და ახლაც მიყვება მაგას, განა იმიტომ, რომ ცუდი კაცია, არამედ შფოთავს, რომ ამ გარდაქმნებს შეიძლება ბევრი ცუდი რამ მოჰყვეს. ფრთხილობენ, მიდიან, ვითარდება. ეს აუცილებლად უნდა დაიხვეწოს და გამყარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის როლი “, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.