დავით ნარმანია იმ თბილისელებს, რომლებიც შუქის საფასურს ვერ გადაიხდიან დახმარებას ჰპირდება
თბილისის მერია მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ არცერთ ოჯახს არ შეექმნას კომუნალური გადასახადების გადახდის პრობლემა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდას.
მისი თქმით, თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის კომუნალური გადახდები პრობლემა არ იყოს. “თბილისის მოსახლეობას არანაირად არ შეეხება ტარიფების ზრდა და ყველაფერს გავაკეთებს იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ იხდიან შესაბამის გადასახადს, მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში და ჩვენ ავუნაზღაუროთ ის. როგორც კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საერთო პოლიტიკის ფარგლებში, თბილისის მერიაც მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ არცერთ ოჯახს არ შეექმნას კომუნალური გადასახადების გადახდის პრობლემა”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.