ენერგეტიკის მინისტრი ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას დოლარის კურსს უკავშირებს
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის 3.48 თეთრით კორექტირება, დოლარის გამყარებით არის გამოწვეული.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, ეს გადაწყვეტილება იმიტომ არის მიღებული, რომ ელექტროენერგიის მიწოდება 24-საათიან რეჟიმში ხდებოდეს.
„მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის საფასურის 3.48 თეთრით კორექტირება მოხდა. მსოფლიოში დოლარის გამყარებამ ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან, გამოიწვია ეს პროცესები. ასევე ჩვენ ყოველწლიურად, ჩვენდა სამწუხაროდ, სექტემბრიდან მარტის ჩათვლით გვიხდება ელექტროენერგიის შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან.
თბოელექტროსადგურები, რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას, მათ ბუნებრივი აირი შემოაქვთ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სადაც ანგარისწორება დოლარში ხდება. გრძელვადიან პროცესში კომპანიებმა გამართულად რომ იმუშაონ, არ მოხდეს გათიშვები და მომხმარებელს ელექტროენერგია 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს , ინფრასტრუქტურა კი გამართული იყოს. ამის გამო იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.