ალექსანდრე კვიტაშვილი არსენი იაცენიუკს სასამართლოში უჩივის

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა კიევის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის მოითხოვს, რომ  პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს და მის მინისტრთა კაბინეტს სასამართლომ აუკრძალოს, განიხილონ სამსახურებრივი გამოძიების შედეგები კვიტაშვილის და მისი პირველი მოადგილის ალექსანდრა პავლენკოს მიმართ.

მოპასუხე მხარეებად ამ საქმეზე უნდა გამოვიდეს უმაღლესი რადას 14 დეპუტატი, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ უფლებამოსილების შესრულების საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ.

მესამე პირებად კვიტაშვილმა სასამართლოს სთხოვა მინისტრთა კაბინეტის და ჯანდაცვის სამინისტროს მოწვევა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების განკარგულება პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გასცა. ამის მიზეზი პრემიერთან უმაღლესი რადას 66 დეპუტატის მიმართვა გახდა, რომლებიც სისტემის რეფორმირების პროცესით უკმაყოფილებას გამოთქვამდმენ.

თავად კვიტაშვილმა 2 ივლისს გადადგომის შესახებ განაცხადა, თუმცა ამ საკითხზე მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ალექსანდრე კვიტაშვილი ამბობს, რომ მის გარშემო სკანდალი იმის გამო გაჩნდა, რომ დეპუტატებს რეფორმები არ სჭირდებათ, ვინაიდან მათ გარკვეული ფინანსური ინტერესები ამოძრავებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები