„ძალიან ცუდი და არასწორი ნაბიჯია გადადგმული, ლოგიკას ვერ ვუძებნი“
ეკონომიკური ექსპერტის, მიხეილ დუნდუას განცხადებით ეროვნული ბანკის ბოლო ქმედებებს, რომლითაც ერთდღიანი სესხები ისტოტიულ მაქსიმუმზე ავიდა ლოგიკურ ახსნას ვერ პოულობს.
როგორც დუნდუამ განაცხადა, ქადაგიძის უწყებამ ერთდღიანი სესხების გაზრდა კურსის ხელოვნური გაფუჭების მცდელობაზე მიანიშნებს.
„ეროვნულმა ბანკმა, ჯერ კიდევ სამშაბათს, 75 მილიონი ლარით გაზარდა ე.წ ერთდღიანი სესხის მიწოდება, შემდგომ ოთხშაბათს 265 მილიონი ლარით გაზარდა ასევე ერთდღიანი სესხის მიწოდება კომერციული ბანკებისთვის. სესხის ოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა – 1 მილიარდ 12 მილიონი ლარი გახდა სესხები კომეციული ბანკებისთვის. ხუთშაბათს ეროვნულმა ბანკმა, რეფინანსების აუქციონზე 700 მილიონთან ერთად, ე.წ მუდმივმოქმედი სესხის სახით, 380 მილიონი ლარი გასცა. მთლიანმა სესხებმა შეადგინა 1 მილიარდ 80 მილიონი ლარი. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, მიმდინარე წლის ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს არის ლარის ხელოვნურად გაფუჭების მცდელობა“, – განაცხადა ექსპერტმა.
მიხეილ დუნდუას განმარტებით, ვინაიდან ეს ბუნებრივი პროცესი არ არის, აჟიოტაჟი მალე ჩაცხრება.
„დღეს ვინც დაიწყებს დოლარის შესყიდვას, აუცილებლად წააგებს, რადგან ეს ბუნებრივი პროცესის შედეგი არ არის. მიმდინარე კვირის განმავლობაში ველოდებით კურსის დასტაბილურებას, ამიტომ თუ ეს იყო მცდელობა, გარკვეული აჟიოტაჟისა, ამან ვერ გაამართლა. ვფიქრობ კურსი მომავალი კვირისთვის დარეგულირდება. გამომდნარე იქიდან, რომ პროცესი ხელოვნური და მოკლევადიანია, კერძო ბანკის მომხმარებლებზე უარყოფითად არ აისახება. პროცესს მოკლევადიანი ეფექტი ექნება“,- აღნიშნა ექპერტმა.
დუნდუას თქმით, ეროვნული ბანკის უფლებამოსილებაა, იმ რაოდენობის სესხი მისცეს ბანკებს, რა რაოდენობის მოთხოვნაც არის.
„სესხების პოლიტიკა მის ხელშია, სწორედ ამიტომაც ლარზე პასუხისმგებელი პირი ეროვნული ბანკია, თუმცა მან იმ რაოდენობის სესხი უნდა გასცეს, რომელიც უარყოფით გავლენას არ მოახდენს ლარის კურსსა და ეკონომიკაზე“, – აღნიშნა ექსპერტმა.
მიხეილ დონდუასთვის უცნობია, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ეროვნულ ბანკს ან გიორგი ქადაგიძეს, თუმცა ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ლარის გაუფასურებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს.
„ძალიან ცუდი და არასწორი ნაბიჯია გადადგმული, ლოგიკას ვერ ვუძებნი. ვერ ვხვდები, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ეროვნულ ბანკს, ან გიორგი ქადაგიძეს, თუმცა შესაძლოა ამ ყველაფერს პოლიტიკური ქვეტექსტები ჰქონდეს, გამომდინარე იქიდან, რა საკადრო პოლიტიკის პროდუქტსაც წარმოადგენს ქადაგიძე. ვგულისხმობ ზურაბ ადეიშვილს. ქადაგიძე ადეიშვილის კადრია, ეროვნული ბანკის საბჭო დაკომპლექტებულია ადეიშვილის კადრებით, შესაბამისად, პოლიტიკური ძალაუფლება ეროვნულ ბანკში, ადეიშვილის ქვეშ არის“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
ექსპერტ ლევან ქისტაურს კი აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა მოსაზრება აქვს. მისი თქმით, ლარის დევალვაციამ, ჯერ კიდევ სამი თვის წინ, გარკვეული უმოქმედობის გამო, მწვავე ხასიათი მიიღო.
„ლარის დევალვაცია სამი თვის წინ რითიც იყო გამოწვეული, ახლაც იმ მიზეზით არის. ლარის გარკვეული გაუფასურების ეკონომიკური საფუძვლები არსებობდა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, რასაც ვერ ავცდებით. მაგრამ, ქვეყნის შიგნით გარკვეული უმოქმეობების გამო, დევალვაციამ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო, ვიდრე შეიძლება ჰქონოდა უფრო აქტიური მოქმედებებისას. მათ შორის ვგულისხმობ ეროვნული ბანკის უფრო აქტიური ჩარევის, კერძოდ, ფულადსაკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების შემთხვევში. ეროვნულ ბანკს წლის დასაწყისში უნდა გაეტარებინა უფრო მკაცრი ფულადსაკრედიტო პოლიტიკა. ასეთ შემთხვევაში სავალუტო კრიზისი ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა. რატომ არ გაკეთდა, ეს იყო შეგნებული, გაუაზრებელი, პოლიტიკური უცოდინრობიდან გამომდინარე, არაპროფესიონალიზმიდან გამომდინარე თუ ჩემზე უფრო პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ამას ვერ გეტყვით“, – განაცხადა ლევან ქისტაურმა.