თბილისში დღეს ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლის საზეიმო ცერემონია გაიმართება

თბილისში, ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლის საზეიმო ცერემონია დღეს გაიმართება. ესტაფეტა 21:00 საათზე ევროპის მოედნიდან დაიწყება.

ოლიმპიური ცეცხლის ესკორტი მოედანზე შემოვა, ხოლო “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ახვლედიანი ოლიმპიურ ცეცხლს უსაფრთხოების ლამპარით მერს გადასცემს.

მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი გამოვლენ. შემდეგ მეჩირაღდნეები თავისუფლების მოედნისკენ აიღებენ გეზს.

მეჩირაღდნეთა რიგებში არიან: კალათბურთელი ანატოლი ბოისა, სპორტსმენი დავით ქაცარავა, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი, სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, ჟურნალისტი დავით მინაშვილი, ჟურნალისტი დავით ერაძე, მხატვარი ნიკუშა შენგელაია.

თავისუფლების მოედანზე ამავე დროს გრანდიოზული კონცერტი დაიწყება.

ესტაფეტის დასასრულს, ბოლო მეჩირაღდნე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ოლიმპიურ ცეცხლს სცენაზე აიტანს და ჩირაღდანს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გადასცემს, რომელიც ცეცხლს დიდ თასში აანთებს.

თბილისში ოლიმპიური ცეცხლი ქობულეთიდან ჩამოვიდა. 52 დღის განმავლობაში ოლიმპიურმა ცეცხლმა საქართველოს მასშტაბით 67 მუნიციპალიტეტის ქალაქი და დასახლებულ პუნქტი მოიარა. ესტაფეტაში 700-მდე მეჩირაღდნემ მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიური სიმბოლო – ცეცხლი საზეიმოდ 26 მაისს საბერძნეთის უძველეს ქალაქ ათენში აანთეს. ევროპის ახალგზარდული ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდანი ქართულ კულტურასთან დაკავშირებული ელემენტებით არის გაფორმებული – ვაზის ფოთლები და ყურძენის მარცვლები.

თბილისში ოლიმპიური ცეცხლი თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურ ლამპარში მოათავსებენ და ნებიმსიერს მიეცემა მისი ნახვის საშუალება.

26 ივლისს, ოლიპიური ფესტივალის გახსნის დღეს საპატიო მეჩირაღდნეები ცეცხლს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შემოიტანენ, იგი გახსნის ცერემონიალზე დიდ კაულდრონში აინთება და ფესტივალის დასრულებამდე იგიზგიზებს.

მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” ჩატარდება საქართველოში, ქალაქ თბილისში, 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით. ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 3800-მდე მონაწილე ეწვევა. ჯამში კი 10 000-მდე სტუმარს ველოდებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები