არჩილ თალაკვაძე: მეტი დანაყოფები იქნებიან იმ პერიოდამდე, სანამ ეს სიტუაცია არ განიმუხტება

შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან რიგითი მოქალაქეების მისვლა შეიზღუდა.
მისივე თქმით, ვინაიდან მოხდა ეს ინციდენტი, მივიღეთ კიდევ უფრო მეტი პრევენციული ზომები, ადგილზე გაძლიერდა პატრულირება, მეტი დანაყოფები იქნებიან იმ პერიოდამდე, სანამ არ განიმუხტება ეს სიტუაცია.
“მიუხედავად იმისა, რომ აქამდე როგორც სპეცდანიშნულების დანაყოფები, ასევე შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია იცავდა პერიმეტრს და მოსახლეობის უსაფრთხოებას, ვინაიდან, მოხდა ეს ინციდენტი, ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო მეტი პრევენციული ზომები, ადგილზე გავაძლიერეთ პატრულირება, მეტი დანაყოფები იქნებიან იმ პერიოდამდე, სანამ არ განიმუხტება ეს სიტუაცია. რაც შეეხება შეზღუდვას, დავაზუსტებდი, რომ იქ მისვლა შეიზღუდა იმ ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის, იმ ჟურნალისტებისთვის, პირველ რიგში, ვის უსაფრთხოებაზეც ჩვენ ვზრუნავთ. თუმცა იმ ტერიტორიაზე დაშვება არ შეზღუდულა პოლიციელებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ევალებათ, უსაფრთხოება დაიცვან იმ ტერიტორიაზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. რამდენიმე დღის წინ ფაქტი მედიის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს, ბანერი მოგლიჯეს და იმ ადგილას ქართული დროშა აღმართეს. გუშინ კი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩამოხსნეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ანდრო ბარნოვიც იმყოფებოდა, ბარნოვმა აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა, ადგილზე მყოფ სამართალდამცავს სიტყვიერად დაუპირისპირდა და უმოქმედობაში დაადანაშაულა.
მომხდარს ადგილობრივი ხელისუფლება აპროტესტებს და აცხადებს, რომ ამგვარი ქმედებები სიტუაციას უფრო დაძაბავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები