არჩილ თალაკვაძე: შს სამინისტროსთვის ბარნოვის მოქმედება მიუღებელია

“დე ფაქტო საზღვართან ანდრო ბარნოვის მხრიდან დე მარშის ფაქტს ჰქონდა ადგილი”, – ასე შეაფასა შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის ანდრო ბარნოვის გუშინდელი ქმედება.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შს სამინისტროსთვის ბარნოვის მოქმედება არის მიუღებელი.
“ის საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ არის ყველაზე მეტი პატრიოტი და ყველაზე უფრო აწუხებს დროშის წაღების ფაქტი, ხოლო, მეორე მხრივ, იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ ამ ტერიტორიას და მოქალაქეების უსაფრთხოებას, მიაყენა წარმოუდგენელი შეურაცხყოფა. სხვათა შორის, ის იყო პოლიციელი, რომელიც იბრძოდა აგვისტოს ომის დროს და უშუალოდ თვითონ თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა იმ ადამიანებს, რომლებიც მაშინ ხელისუფლების მაღალმა ეშელონებმა მიატოვეს დროშებთან ერთად, ტექნიკასთან ერთად, ისე, რომ დღემდე ერთი დამაჯერებელი არგუმენტი მოსახლეობისთვის ამასთან დაკავშირებით არ მიუციათ. ამიტომ ჩვენთვის, როგორც შს სამინისტროსთვის ბარნოვის მოქმედება არის მიუღებელი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მოუწოდებენ ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ პატრიოტიზმი არის პოლიციელების და სპეცდანიშნულების რაზმის შეურაცხყოფა, გადახედონ საკუთარ პოლიტიკას ამ მიმართულებით.
“მე არ მგონია სწორი, რომ პოლიციელების შეურაცხყოფის ხარჯზე პოლიტიკური ქულების ჩაწერა რამეს მოუტანს რომელიმე ძალას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ანდრო ბარნოვი გუშინ იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩამოხსნეს. ბარნოვმა აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა, ადგილზე მყოფ სამართალდამცავს სიტყვიერად დაუპირისპირდა და უმოქმედობაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები