„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ კონკურენციის სააგენტოს მიერ კომპანიის დაჯარიმების თაობაზე გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“ კონკურენციის სააგენტოს ყველა შეკითხვას პასუხი გასცა და მიაწოდა ყველა დოკუმენტი, ასევე წარადგინა დოკუმენტალურად დასაბუთებული მყარი არგუმენტები. მათივე ინფორმაციით, კომპანიას არ დაურღვევია „კონკურენციის შესახებ“ კანონის არც ერთი მოთხოვნა.
“სამწუხაროა, რომ არ მოხდა მათი გათვალისწინება და კომპანიას წარედგინა სერიოზული ჯარიმა. ვაცხადებთ, რომ კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“ არ დაურღვევია „კონკურენციის შესახებ“ კანონის არც ერთი მოთხოვნა. ბრალდება, რომ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზარზე ხელოვნურ ბარიერებს ქმნიდა, რომლითაც იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასები, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ მოქმედებდა და მოქმედებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკის, კანონმდებლობის და ნორმატიული აქტების შესაბამისად. კომპანია არასდროს არ იყო ორიენტირებული რაიმე განსაკუთრებულ ზემოგებაზე, რასაც ადასტურებს ის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ბიუჯეტში შეტანილია 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი, დასაქმებულია 1500 ადამიანი, სპონსორობას უწევს სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებს, ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების დარგებს და ა.შ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამწუხაროა ასეთი შეფასება და ვაფიქსირებთ, რომ არ ვეთანხმებით კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას და საკუთარი ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ ცივილური სამართლებრივი გზით”, – ნათქვამია “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” განცხადებაში.
კომპანიაში ასევე დადებითად აფასებენ საქართველოში კონკურენციის სააგენტოს შექმნას და მის საქმიანობას.
“ყველა ჩვენთაგანი ვალდებულია ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს კანონით დადგენილი მოთხოვნები”, – ნათქვამია “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები