ქართველი სამხედროები გიორგი ხაინდრავას ახალი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის პრემიერას დაესწრნენ

 

„ოცნებების სასაფლაოდ“ ქცეული აფხაზეთის ომის რეალური ისტორიები, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს და საზოგადოებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს – ასე აფასებენ ქართველი სამხედროები რეჟისორის გიორგი ხაინდრავას ახალ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს -„ოცნებების სასაფლაოს“.

ფილმის რეჟისორმა, თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის პირველი ქვეითი ბრიგადის და პირველი საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ფილმის პრემიერაზე მიიწვია.

„ფილმი გადაღებულია 1993 წელს, აფხაზეთში ომის დროს. ფილმში ასახული კადრები რეალური ისტორიებია, ეს ბიჭები მართლა ომობდნენ აფხაზეთის ომში და ბევრი მათგანი დაიღუპა. ვფიქრობ, ეს უახლესი ისტორია, რომელმაც აფხაზეთი დაგვაკარგინა, ამიტომ იგი მარტო ჯარისკაცებს კი არა, საზოგადოებასაც უნდა ახსოვდეს. დიდი მადლობა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ თქვენ დღეს აქ ხართ“, – მიმართა ჯარისკაცებს გოგა ხაინდრავამ.

22 წლის წინანდელი აფხაზეთის ომის ისტორია დღევანდელი ჯარისკაცებისთვის მხოლოდ შემეცნებითი კუთხით არ არის მნიშვნელოვანი, ფილმის დასრულების შემდეგ თავად აღნიშნეს, რომ „ოცნებების სასაფლაომ“ მათში ჯარისკაცული მოტივაცია კიდევ უფრო გაამძაფრა.

„ვნახეთ ფილმი, რომელშიც ნაჩვენებია აფხაზეთის ომის მოვლენების დოკუმენტური კადრები. „ოცნებების სასაფლაომ“ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. უღრმესი მადლობა რეჟისორს და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, რადგან მოგვეცა საშუალება, გვენახა ფილმი, რომელიც ჩვენი, როგორც ჯარისკაცების მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს IV მექანიზებული ბრიგადის პირველი კლასის რიგითი ლაშა გოგიჩაშვილი.

„ჯარის მეგობართა საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხშირად იმართება და მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები