ზვიად გამსახურდიას საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება განახლდა, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ამ ეტაპზე, დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი; ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური ექსპერტიზები და  დაკითხულია მოწმეები.
„ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც დაკვალიფიცირებულია 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მესამე პუნქტით (1993 წელს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი) – განზრახ მკვლელობა ჩადენილი დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
რამდენიმე თვეა სისხლის სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელთა მიერ საგამოძიებო გეგმის შესაბამისად ინტენსიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიების ამ ეტაპზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი; ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური ექსპერტიზები; დაიკითხა მოწმეები; საზღვარგარეთ გაგზავნილია შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ. დაგეგმილია ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, ბალისტიკური ექსპერტიზების ჩატარება, მოწმეთა დაკითხვები, და სხვა.
სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს ზ. გამსახურდიას ოჯახის წევრებთან თანამშრომლობის რეჟიმში, რომელთაც სურვილის შემთხვევაში სრული წვდომა ექნებათ გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებზე“, – განუცხადეს „კვირას“ მთავარ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები