„ვაკე – საბურთალოს მოშლილი გზის მონაკვეთი დროებით აღდგება“

„ვაკე – საბურთალოს გზა, საერთო ჯამში, ახლებურად არის დასაგეგმი, მაგრამ ახლა, როცა სწავლის დაწყების დრო ახლოვდება, ამ დროს ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა ამუშავდეს, ამიტომაც ვაკე – საბურთალოს მოშლილი გზის მონაკვეთი დროებით აღდგება“, – აღნიშნული განცხადება არქიტექტორმა, სტიქიის შემდეგ შექმნილი სპეციალური კომისიის წევრმა გიგა ბათიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
არქიტექტორმა ვაკე – საბურთალოს ახალი გზის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გზის გაუქმება არ იქნება სწორი, თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი ხელახლა დაპროექტება უნდა მოხდეს.
„გზა ვერეს ხეობაში ძალიან მნიშვნელოვანი მაგისტრალია და მასზე უარის თქმა არ იქნება სწორი. ეს გზა საჭიროა, მაგრამ უნდა ვიყოთ დაცულები. აღნიშნული გზა ტრასირების თვალსაზრისით ხარისხიანი არ არის. აკვიატებული იყო, რომ აქ ყოფილიყო ჩქაროსნული მაგისტრალი, რამაც მთელი რიგი ისეთი საინჟინრო ნაბიჯების გადადგმა გამოიწვია, რომელიც სრულიად არ იყო საჭირო და პირიქით, მდინარეს წინააღმდეგობა შეუქმნა. თუ ჩვენ სწავლის დაწყების პერიოდისთვის ეს გზა ამუშავებული არ გვექნება, ეს სატრანსპორტო სისტემაში ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ის მოშლილი მონაკვეთი დროებით იქნება აღდგენილი, რომ მასზე მოძრაობა შეიძლებოდეს, მაგრამ პარალელურად დამუშავდება ახალი პროექტი, თუ როგორი უნდა იყოს ღონისძიებები მთელი თბილისის მონაკვეთზე მდინარე ვერესთან მიმართებით“,- აღნიშნა გიგა ბათიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები