არასამთავრობო ორგანიზაციები: ანდრო ბარნოვის ქმედება პროვოკაციაა და რუსული ოკუპაციის გაგრძელების საფრთხეს ზრდის

როდესაც საქმე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხსა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას ეხება, საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას, სამოქალაქო ორგანიზაციასა და საზოგადოებას განსაკუთრებული ყურადღება მართებს, – ასე გამოეხმაურა დღეს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ანდრო ბარნოვის ქმედებას კონფლიქტის ზონაში.
არასამთავრობოებმა: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“, „პოზიციამ“ და „ახალგაზრდული ცენტრი – ჩვენი თაობა 1921-მა“ ანდრო ბარნოვის მხრიდან კონფლიქტის ზონაში ქართველი პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტი დაგმეს და იგივე მოუწოდეს პოლიტიკურ პარტიებსაც.
ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებამ უნდა შეფასოს ანდრო ბარნოვის მხრიდან პოლიციელის ღია შეურაცხყოფის ფაქტი და, მათივე თქმით, გამოიტანოს დასკვნა, თუ რა ინტერესებს ემსახურებოდა ბარნოვის ქცევა.
“ყოფილი სახელმწიფო მოხელის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ქმედება, ქართული პოლიციის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, რაც საოკუპაციო ხაზთან, რუსი ჯარისკაცების წინაშე, ქართული სახელმწიფოს მიმართ დამამცირებელ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.
ქართველი პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტი, გაცილებით მაღალი მნიშვნელობის შემთხვევაა, ვიდრე განსხვავებული პოლიტიკური ძალის კრიტიკა და პოლიტიკური ოპონირების საკითხი. შესაბამისად, საქართველოში არცერთ პოლიტიკურ პარტიას, მათი განსხვავებული იდეოლოგიების მიუხედავად, უფლება არ აქვს, შეურაცხყოფა მიაყენოს და დააკნინოს ისეთი სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორიცაა პოლიცია და ჯარი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ანდრო ბარნოვმა საზოგადოებას, 16 ივლისის მოქმედების გამო, ბოდიში უნდა მოუხადოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ლიდერებს მივმართავთ, რათა საჯარო განცხადებებით გაემიჯნონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანდრო ბარნოვის მხრიდან ქართული პოლიციის შეურაცხყოფის ფაქტს.
ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, არამხოლოდ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ უნდა აჩვენოს ერთიანი დამოკიდებულება, არამედ სახელმწიფო ინსტიტუციების დაცვის მიმართულებითაც. ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მიმართ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრის ღია, გამომწვევი და აშკარა ქმედება, რომელიც საზოგადოებამ 16 ივლისს იხილა, ტოვებს პროვოკაციის ნიშნებს და რუსული ოკუპაციის გაგრძელების საფრთხეს ზრდის. აღნიშნული ქმედება პირდაპირ ემსახურებოდა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მიზნებს ხელისუფლებასთან დაპირისპირების თუ ხელისუფლების რუსეთთან დაბალანსებული პოლიტიკის შეუთავსებლობის წარმოსაჩენად, მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად დაზარალდა სახელმწიფო ინტერესები”, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა მართებს, არ გაიმეოროს დაშვებული შეცდომები, იმოქმედოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ყველა აუცილებელი მექანიზმის გამოყენებით. რუსეთის “მცოცავი ანექსიის” შესაჩერებლად, გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა საერთაშორისო დიპლომატიურ და სახელმწიფოთაშორისო კონტაქტები. არასამთავრობოების განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველო არ აღმოჩნდეს პროვოკაციული მოქმედებების მონაწილე და ქართული საზოგადოების ძალისხმევა მიმართული იქნეს მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები