ირაკლი ღარიბაშვილი: არ ვაპირებთ, რაიმე კომპრომისზე წავიდეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
პრემიერმა პოლიტიკოსებს, მოუწოდა, რომ მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ საკითხებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს და არავის უნდა მივცეთ საშუალება რომ რაიმე გზით რეგიონში სიტუაციის დაძაბვა მოახდინოს.
“რაც შეეხება ე.წ. საოკუპაციო ზოლს, იქ მიმდინარე პროვოკაციულ მოქმედებებს, მინდა შეფასება გავაკეთო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო პოლიტიკოსებს, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ საკითხებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ და არც ერთ ძალას, არავის უნდა მივცეთ საშუალება რაიმე გზით რეგიონში სიტუაციის დაძაბვა მოახდინოს. ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი პოლიტიკის, რომელიც სააკაშვილმა წლების განმავლობაში აწარმოა. ეს არის შედეგი 2008 წლის ომის, რომელმაც 25 000-მდე ახალი დევნილი, 100-ზე მეტი დაკარგული სოფელი და დამატებით დაკარგული ტერიტორიები მოგვიტანა. ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ვიმკით და რომელსაც ვუმკლავდებით აგერ უკვე მესამე წელია. ჩვენი მთავრობის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ სწორი, კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოება დავიწყეთ და მაქსიმალურად ხელი შევუწყვეთ რეგიონში სიტუაციის დეესკალაციას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა განმარტა, წლების წინ დაგროვილ პრობლემებს თანმიმდევრულად ჭკვიანური პოლიტიკით უნდა გავუმკლავდეთ და არა უპასუხისმგებლო ყვირილით და ხმაურით.
“ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილ და კონსტრუქციულ პოლიტიკას ვაწარმოებთ, მაგრამ არასოდეს შევგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა, რომელიც არასოდეს შეიცვლება. ჩვენ არაფრის ფასად არ ვაპირებთ რაიმე კომრომისზე წავიდეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენს აფხაზეთს და სამაჩაბლოს, თუმცა ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ვინაიდან წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს თანმიმდევრულად ჭკვიანური პოლიტიკით უნდა გავუმკლავდეთ და არა უპასუხისმგებლო, ემოციური, გაუაზრებელი ყვირილით და ხმაურით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები