„კორტების საქმეზე“ მოწმემ ყოფილი პოლიციელების – ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის საქმეზე მოწმე კობა გოგატიშვილი იკითხება.
კობა გოგატიშვილმა სასამართლო პროცესზე ყოფილი მაღალჩინოსნების – ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
როგორც მოწმემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის დროს ვაზაგაშვილს და ხუბულოვს პოლიციელების მიმართულებით სროლა არ განუხორციელებიათ და მათ მიმართ საკონტროლო გასროლა პისტოლეტით გიორგი ცააძემ განახორციელა.
მოწმემ დეტალურად გაიხსენა შემთხვევის ადგილი და აღნიშნა, რომ იგი მომხდარ ფაქტს შემთხვევით შეესწრო.
მოწმის დაკითხვამდე პროკურატურამ სასამართლო დარბაზს აჩვენა ვიდეო, სადაც 2006 წლის 2 მაისს მომხდარი მოვლენების შესახებ კობა გოგატიშვილი პირველი არხის ჟურნალისტს კომენტარს აძლევს. იგი ინტერვიუშიც ამბობს, რომ დაცხრილული მანქანიდან სროლა არ ყოფილა და სპეცრაზმელები ესროდნენ მანქანას, რომელმაც ორიენტაცია დაკარგა და ხეს შეასკდა.
რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, გოგატიშვილი ამბობს, რომ დილის საათებში კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც დაინახა “ბე- ემ- ვეს” მარკის ავტომობილი, რომელსაც სპეცრაზმელები ესროდნენ, შემდეგ ავტომობილმა ორიენტაცია დაკარგა, ხეს დაეჯახა.
მისივე თქმით, იგი ეცადა, იქ მყოფი ახალგაზრდების დახმარებას. კობა გოგატიშვილი ამბობს, რომ როდესაც გადავიდა დასახმარებლად ორი ახალგაზრდა დაინახა, რომლებიც შველას ითხოვდნენ.
ამის შემდეგ კი, მისი თქმით, შავ პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც შემდგომ გაიგო, რომ გიორგი ცააძეა, მივიდა და მოხრილ მდგომარეობაში მათ პისტოლეტიდან ესროლა, რის შემდეგაც დაინახა, როგორ შეიღება მანქანის საქარე მინა სისხლით.
კობა გოგატიშვილი ამბობს, რომ იგი მის თანმხლებ ქალბატონს წყალს სთხოვდა, რათა ახალგაზრდებს დახმარებოდა. ცააძე კი ადგილიდან მოშორებას სთხოვდა. მოწმე ამტკიცებს, რომ საპირისპირო გასროლა სამართალდამცველების მხრიდან “ბე -ემ- ვეს” მარკის ავტომობილიდან არ ყოფილა. მისივე თქმით, ახალგაზრდებს ფეხებთან, რომლებიც “ბე-ემ-ვეს” მარკის ავტომობილში ისხდნენ, იარაღები ჩაუდეს.
შემდეგ კი მივიდა ერთი პირი, რომელმაც მანქანაში ტყვიები ჩაყარა. მოწმე იხსენებს, რომ დაჭრილები მანქანიდან გადმოიყვანეს, რა დროსაც შეესწრო ირაკლი ფირცხალავას საუბარს, რომელიც ამბობდა, რომ “ვითომ პირველად ამათ გვესროლესო”.
ამ წუთებში მოწმის დაკითხვას უკვე დაცვის მხარე ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები