თინა ხიდაშელმა სომხეთის დელეგაცია მიიღო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ტონოიანს შეხვდა. შეხვედრას სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ენრიკო აპრიამოვი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება განათლება იქნება: „ბრიუსელში გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით სომხეთის თავდაცვის მინისტრს. იქ შევთანხმდით, რომ ვიპოვით თანამშრომლობის ახალ გზებს, ურთიერთობის ახალ ფორმატებს. აღნიშნული ვიზიტის მიზანია, მხარეებს შორის იყოს მეტი სიახლოვე და კადეტებს ან თავდაცვის სამინისტროს სხვა სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს“, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.